გიგა ბოკერია პრემიერს - მაოხრებელი გზირივით რომ წახვალთ, პრობლემები არ უნდა დატოვოთ

უმარტივესი და ყველაზე სამართლიანი გზაა გადასახადების დაწევა, მაგრამ დაფიცებული გაქვთ ხატზე, რომ თქვენ უფრო ბრძენები ხართ, როგორც ცუდი ძიძები და ხალხს ეუბნებით, რომ თქვენზე უკეთ ჩვენ დავხარჯავთ თქვენს ფულს, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდს პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრ გახარიას უსმენენ.

მისივე თქმით, საპენსიო ფონდი ხალხის, საზოგადოებისა და თავისუფლების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების ილუსტრაციაა.

„ასეთი გასაჭირი რომ დაატყდა თავს ქვეყანას, ამ დროს არ უნდა შეუმსუბუქოთ ტვირთი ხალხს? თქვენ რატომ გგონიათ, რომ უკეთ იცით, რაზე უნდა დაიხარჯოს ბიზნესში ფული, ვიდრე საბაზრო ეკონომიკამ და ნებისმიერმა მოქალაქემ? მეფრინველეობა რომ გამოყავით ცალკე და იმას არ ეხმარებით, რა ლოგიკით გაქვთ ეს ყველაფერი? ხომ არ გგონიათ, რომ ეკონომიკა ცალ-ცალკე არსებობს სფეროებით? ერთ სფეროს თუ ცუდად წაუვიდა საქმე, ეს ყველაზე გადადის შემდეგ. უმარტივესი და ყველაზე სამართლიანი გზაა გადასახადების დაწევა, მაგრამ დაფიცებული გაქვთ ხატზე, რომ თქვენ უფრო ბრძენები ხართ, როგორც ცუდი ძიძები და ხალხს ეუბნებით, რომ თქვენზე უკეთ ჩვენ დავხარჯავთ თქვენს ფულს. საპენსიო ფონდი არის ილუსტრაცია თქვენი დამოკიდებულების ხალხის, საზოგადოების და თავისუფლების მიმართ. ვისაც ფული ძალით შეატანინეთ, ან შეცდა და შეიტანა, რატომ არ ენდობით, რომ თავად გადაწყვიტოს საკუთარ ფულს რას უზავს? თუ თქვენ შავი დღე არ გიდგათ და კარგად ხართ, იმ ხალხს უდგას ის შავი დღე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ყოველი დღე, როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას გადასახადების შემცირებით არ ეხმარება, პოლიტიკური დანაშაულია.

„ბატონო გიორგი, როგორც ვიცი, თქვენ სადღაც 50 000 დოლარი გაქვთ გადანახული. ხვალ რომ მოგხსნათ ბიძინა ივანიშვილმა, არ გაგიმართლოთ და სამსახური ვერ იშოვოთ, ვიღაცამ რომ გითხრათ, ამ 50 000 დოლარს არ გახარჯინებ იმიტომ, რომ შენს სიბერეზე ვზრუნავ და რომ დაბერდები, შემდეგ აიღე ეს ფულიო, როგორ მოგეწონებათ? თქვენთვის რაც 50 000 დოლარია, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ეს არის 500 და 1000 ლარი. ყოველი დღე, როდესაც თქვენ მოსახლეობას არ ეხმარებით გადასახადების შემცირებით, ეს არის პოლიტიკური დანაშაული. მესმის ეგუებით, რომ ხელისუფლებაში არ იქნებით რამდენიმე თვეში, მაგრამ მაოხრებელი გზირივით რომ წახვალთ, ეს პრობლემები არ უნდა დატოვოთ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს