ვახტანგ ძაბირაძე - მაჟორიტარულ ოლქებში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატზე შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება

მაჟორიტარულ ოლქებში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატის წარდგენა - ეს ჯერჯერობით მხოლოდ საუბარია. ძალიან რთული იქნება შეთანხმების მიღწევა. 30 მაჟორიტარულ ოლქში გამორიცხულია ორ კანდიდატზე საუბარი, რომ ერთი „ქართული ოცნებიდან“ იყოს და მეორე - ზოგადად ოპოზიციიდან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე შეფასებით, ამომრჩეველი შეიძლება ძალიან დააბნიოს, თუკი ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებელ სუბიექტებად გავლენ, ხოლო მაჟორიტარულ ნაწილში საერთო კანდიდატს წარადგენენ.

„ოპოზიციას სჭირდება, ამომრჩეველი იმაში დაარწმუნოს, რომ ის არ იქნება ისეთივე, როგორიც იყო 2003-2012 წლებში, რადგან ძირითადად ისინი არიან ოპოზიციაში, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უნდობლობა სწორედ მათდამია. ამომრჩეველმა იცის, რომ ეს ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ ვისით შეცვალოს, ეს არ იცის. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებში გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატის წარდგენას, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ლაპარაკია. ამომრჩეველი შეიძლება ძალიან დააბნიოს, როდესაც გამოდიხარ და ამბობ: მე ვარ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ამ ოლქში მხარი დაუჭირე ვთქვათ „ლელოს“ კანდიდატს, ანდაც პირიქით, როცა „ლელო“ ამბობს იმავეს „ნაციონალზე“. ასევე 30 ოლქი არ არის პატარა, ამან უნდა მოიცვას მთელი საქართველო და წარმოიდგინეთ, რამდენიმე რაიონში მუშაობ შენს პარტიულ სიაზე და ამავე დროს, მაჟორიტარულ ოლქში მხარს უჭერ სხვა ვიღაცას. ამან ამომრჩეველი შეიძლება ძალიან დააბნიოს. რამდენად მოხდება ამის შეთანხმება, ეს პრობლემატური საკითხია. მითუმეტეს, ნაადრევად იწყება იმაზე ლაპარაკი, ვის სად უნდა კანდიდატად დადგომა. მაგალითად, ვაშაძე ამბობს, რომ ის თბილისში იყრის კენჭს. თბილისი ყველასთვის მომგებიანია. საკითხავია, ეს გაერთიანებული ოპოზიცია შეინარჩუნებს თუ არა ერთობას. ეს გაურკვევლობა იქნება მანამ, სანამ არ გავიგებთ, როგორი საარჩევნო სისტემით გავდივართ არჩევნებზე. ძალიან რთული იქნება შეთანხმების მიღწევა. მე ვთვლი, რომ ისიც კი რთული იქნება, რომ ამ 30 მაჟორიტარულ ოლქში 3 კანდიდატი წარსდგეს და მეტი არა. ორ კანდიდატზე ხომ გამორიცხულია საუბარი, რომ ერთი „ქართული ოცნებიდან“ იყოს და მეორე - ზოგადად ოპოზიციიდან,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა