ხათუნა ლაგაზიძე - ლოგიკა უნდა კარნახობდეთ, რომ „ლელოს“ გარშემო შეიქმნას ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, კიდევ ერთი ბლოკის დაჯგუფება, იქნება ეს ელისაშვილის პარტია, ანა დოლიძე თუ სხვები

სრულიად არარეალურად მეჩვენება, რომ მთელმა ოპოზიციამ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატი დააყენოს. ეს კი ხელისუფლებას მისცემს კარტბლანშს, უფრო მეტი მაჟორიტარული ოლქი მოიგოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეუთანხმებლობის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ზოგიერთ პარტიას ეშინია საკუთარი ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში შესვლის გამო არ დაკარგოს.

გარდა ამისა, ლაგაზიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ პარლამენტში სატელიტი ოპოზიციური პარტიებიც შეიყვანოს.

„სრულიად არარეალურად მეჩვენება, რომ მთელმა ოპოზიციამ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატი დააყენოს. ყველა პარტიას, უპირველეს ყოვლისა, ანაღვლებს საკუთარი პროპორციული სია და მერე - მაჟორიტარები. ზოგიერთ პარტიას ეშინია, რომ მაჟორიტარულ ნაწილში საკუთარი კანდიდატების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმება ამომრჩეველმა არ ჩაუთვალოს ამ პარტიასთან ალიანსში, ანუ ეშინიათ, რომ ამით ამომრჩეველს დაკარგავენ უკვე პროპორციული სიისთვის. საკუთარი სახის დაკარგვის ეშინიათ და ამიტომაც ამბობენ უარს მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე. ეს არის მთავარი მოტივაცია, რის გამოც პარტიები თავს იკავებენ. გარდა ამისა, არის პარტიების ნაწილი, ვინც რეალურად პარლამენტში სავაჭროდ აპირებს შესვლას, მათთვის პოლიტიკა ფულის შოვნის საშუალებაა და მეტი არაფერი. შესაბამისად, ვინაიდან ხელისუფლებისთვის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატები გამოწვევას წარმოადგენს, ისიც აქტიური მონაწილეა იმისა, რომ არ შედგეს ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე მოლაპარაკება. შესაბამისად, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ბერკეტი, გამოიყენოს ასეთი პატარა პარტიები, რომელთა პარლამენტში შესვლის ერთადერთი მიზანი კარგად ვაჭრობა და სარგებლის მიღებაა. ბუნებრივია, იქნებიან სატელიტი ოპოზიციური პარტიებიც, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლისა და გახარიას ფაქტორის ფონზე „ქართული ოცნების“ პოზიციები გაცილებით უფრო მყარია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას არ დასჭირდება კოალიციური პარტნიორები მომავალ პარლამეტში. ამიტომ ესეც დამატებითი მიზეზია, რომ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატები არ გვეყოლება. საერთო კანდიდატებზე ოპოზიციის ვერშეთანხმება ხელისუფლებას მისცემს კარტბლანშს, უფრო მეტი მაჟორიტარული ოლქი მოიგოს. რაც უფრო დაიქსაქსება ოპოზიციური ფლანგი და რაც უფრო მეტი ოპოზიციური კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მაჟორიტარულ ოლქებში, მით უფრო შემცირდება ოპოზიციის მიერ ამ ოლქების მოგების შანსები. ეს ცალსახაა იმიტომ, რომ ოპოზიცია გაუყოფს ხმებს,“ - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე შეფასებით, ახალ ოპოზიციურ ძალებს საღი აზრი უნდა კარნახობდეს, რომ პარტია „ლელოს“ გარშემო ახალი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნას. ამასთან, მისივე თქმით, საარჩევნო კონფიგურაცის დალაგებაზე დიდ გავლენას მოახდენს ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას პოლიტიკური წონა დასავლეთში.

„ლოგიკა და საღი აზრი უნდა კარნახობდეს მათ, რომ „ლელოს“ გარშემო შეიქმნას ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი და კიდევ ერთი ბლოკის დაჯგუფება, იქნება ეს ელისაშვილის პარტია, ანა დოლიძე თუ სხვები. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ახალი პარტია შემოვა ასპარეზზე, რომლებიც დამოუკიდებლად ეცდებიან არჩევნებში მონაწილეობას. გარდა ამისა, მხედველობიდან არ უნდა გაგვექცეს ის ფაქტი, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგა ბოკერიას აქვს ის, რაც ერთად აღებულ დანარჩენ ოპოზიციას არ აქვს - ეს არის ყველაზე დიდი ბექგრაუნდი და გავლენები დასავლეთში. ის, რომ დასავლეთი დღეს საარჩევნო სისტემის რეფორმას, სასამართლოს დამოუკიდებლობას ითხოვს, ამაში ლომის წილი მიუძღვის გიგა ბოკერიას კონტაქტებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბოკერიას პოლიტიკური წონა დასავლეთში დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ წონას უდრის. ასე რომ, ესეც უზარმაზარი ჯოკერია საარჩევნო კონფიგურაციის დალაგებისას: საით წავლენ ისინი, მარტო გავლენ თუ ვიღაცასთან ერთად ისურვებენ გასვლას, ესეც დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, როგორ დაკომპლექტდება შემდეგი მოწვევის პარლამენტი,“ - განაცხადა ლაგაზიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო