მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი“.

როგორც “ინტერპრესნიუსს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსიტროდან აცნობეს, სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა.

“შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამონაკლისები სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით დაიშვება, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არაკონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას. სპორტის კონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებისთვის განისაზღვრა 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვა. სპორტის ეს სახეობებია: ძიუდო, ჭიდაობა, სამბო, კრივი, კარატე, კონტაქტური კარატე, მკლავჭიდი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ნიჩბოსნობა, ტაეკვონდო, ფიგურული ციგურაობა (წყვილებში), საწყლოსნო სპორტი, ხელბურთი, ფრენბურთი, უშუ, სუმო, კიკბოქსინგი.

სპორტის არაკონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებმა უნდა დაიცვან 2 მეტრზე მეტი დისტანცია. სპორტის ეს სახეობებია: კანოე, მშვილდოსნობა, საავტომობილო სპორტი, ძალოსნობა, ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ჭადრაკი, ფარიკაობა, მეკლდეურობა, ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური), სროლა, საცხენოსნო სპორტი, მაგიდის ჩოგბურთი, ველოსპორტი, მოტოსპორტი, ათლეტიზმი, სათხილამურო სპორტი, მძლეოსნობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რეკომენდაციების სრული ჩამონათვალი პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის (დანართი №13) იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/download/4883653/0/13

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა