Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი- რეკომენდაციების შემუშავება მოხდა საჯარო და კერძო სექტორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით

მთავრობამ ახალ კორონავირუსთან (SARS-Cov-2) გამოწვეულ ინფექციასთან (Covid-19) დაკავშირებით განთავსების სექტორის ოპერირებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. რეკომენდაციების ძირითადი დანიშნულება ვირუსის გავრცელების პრევენცია და თანამშრომლებისა და სტუმრების დაცვაა შესაძლო ინფიცირებისგან.

ადმინისტრაციის ცნობით, რეკომენდაციების შემუშავება მოხდა საჯარო და კერძო სექტორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით. რეკომენდაციები ერთი მხრივ, სრულად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, მაგრამ ამასთან ერთად განთავსების სექტორს აძლევენ შესაძლებლობას აღადგინოს ოპერირება და მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, მოახდინონ სტუმრებისთვის საჭირო კომფორტის უზრუნველყოფა.

Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი მიქაშავიძის განცხადებით, ტურიზმის ადმინისტრაციამ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ინდუსტრიასთან დიალოგი გამართა, სადაც მათ საშუალება მიეცათ, ძირითადი მოთხოვნები დაეფიქსირებინათ.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას ვადევნებდით თვალს და ვშიშობდით, რომ ჩვენთანაც კაბალური მოთხოვნები იქნებოდა, რომელიც არ მოგვცემდა სასტუმროს ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობას. თუმცა ტურიზმის ადმინისტრაციამ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ინდუსტრიასთან გამართა დიალოგი, სადაც ჩვენ მოგვეცა საშუალება დაგვეფიქსირებინა ძირითადი თხოვნები, რომელიც სექტორში ჩართულ სხვადასხვა მონაწილეს - მსხვილსაც და მცირე ოჯახურ სასტუმროსაც, მისცემდა ოპერირების შესაძლებლობას და ბიზნესს კომერციულად კიდევ უფრო მეტად არ დააზარალებდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო მათი კოოპერაცია - თითქმის ყველა ჩვენი თხოვნა იქნა გათვალისწინებული საბოლოო რეკომენდაციებში. ეს თხოვნები ეხებოდა აუზების ამოქმედებას, კვების წერტილების ოპერირებას და სხვა მომსახურებას, რომელიც სექტორის მუშაობისთვის მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ინდუსტრიაც და სტუმრებიც ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის ის თავისუფლება, რასაც ვიყავით შეჩვეული და ჩვენ მოგვეთხოვება პირველ რიგში უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მაგრამ რეკომენდაციების ეს ფორმა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ მუშაობა, ნელ-ნელა დავუბრუნდეთ საქმიანობას და პოსტვირუსულ პერიოდში ოპერირებამ ნაკლებად დააზარალოს სექტორი. ვფიქრობ, რომ რეკომენდაციები არის ძალიან გონივრული, ხელი უნდა შევუწყოთ სოციალური დისტანციის დაცვას, უზრუნველეყოთ ვირუსის არ გავრცელება ხშირი დეზინფექციით და დასუფთავების სწორი პროცედურებით, დავიცვათ ჩვენი თანამშრომლები და სტუმრები გავრცელების პოტენციური რისკისგან. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, მკვეთრად შემცირებულ მოთხოვნასთან ერთად ვვარაუდობ, რომ რამდენიმე თვე მთლიანად ინდუსტრიას ძალიან გაგვიჭირდება მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ საქმიანობა მაქსიმალურად უსაფრთხო გზით. უნდა ვიმედოვნოთ, რომ მალევე იქნება შემუშავებული ვაქცინა, რომელიც უმოკლეს ვადებში აღადგენს ტურიზმს. ტურისტულ ინდუსტრიას აქვს ერთი ძალიან დადებითი მახასიათებელი - მოკლე მეხსიერება აქვს - ტურისტი უარყოფით მოვლენებს მალევე ივიწყებს და უბრუნდება მოგზაურობის ჩვეულ რეჟიმს. ვფიქრობ, რომ არც ეს კრიზისი იქნება გამონაკლისი“, - განაცხადა Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი მიქაშავიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა