ღია სივრცის მქონე რესტორნებმა დღეიდან მუშაობა განაახლეს. თბილისში არსებულ კაფე-ბარებში ამ დროისთვის მომხმარებლის ნაკლებობაა. გთავაზობთ "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის მიერ იმ კვების ობიექტებში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც თბილისში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დღეიდან რესტორნებს მუშაობა სპეციალური რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ, მათ შორის არის წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენება და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭება.
რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი. ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.