ირაკლი კობახიძე - თუ მაგალითად, რომან გოცირიძე გვეტყვის, რომ თერმოსკრინინგი პოლიტიკური და საარჩევნო კუთხით რისკია, ის არ განხორციელდება საარჩევნო უბანზე

თუ მაგალითად, რომან გოცირიძე გვეტყვის, რომ თერმოსკრინინგი არის რისკი პოლიტიკური და საარჩევნო კუთხით, ის არ განხორციელდება საარჩევნო უბანზე,- ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, არც ერთი ისეთი წესი არ დადგინდება, რომელიც რაიმე ფორმით დააბრკოლებს ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში.

„აუცილებლად იქნება ზომები მიღებული იმისათვის, რომ არჩევნები და განსაკუთრებით არჩევნების დღე არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. საუბარია შესაბამის ეკიპირებაზე, პირბადეებზე, ასევე, დამატებით ზომები იქნება მიღებული საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან საუბნო კომისიის წევრებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები. დეტალებზე ვმსჯელობთ საბჭოს ფორმატში. ასევე, გვქონდა შეხვედრები ცესკო- ს წარმომადგენლებთან, ეპიდემიოლოგებთან, ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს წესებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ამოქმედდეს და ამ წესების ნაწილი სავარაუდოდ, გაწერილი იქნება უშუალოდ საარჩევნო კოდექსის დონეზე.

რაც შეეხება თერმოსკრინინგს, შეიძლება ეს ჩატარდეს, მაგრამ აქ არის თავისი რისკები, ამიტომ ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. კერძოდ, თერმოსკრინინგმა შეიძლება იქონიოს ამომრჩევლის დაფრთხობის ეფექტი. შეიძლება მოვიდეს ამომრჩეველი და როცა აღმოაჩნდება ტემპერატურა, გავიდეს საარჩევნო უბნიდან და ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე ყველა დეტალი, იქნება ეს თერმოსკრინინგი, პირბადე თუ ა. შ. იქნება აწონ-დაწონილი როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე, პოლიტიკური და საარჩევნო კუთხითაც. აქედან გამომდინარე არც ერთი ისეთი წესი არ დადგინდება, რომელიც რაიმე ფორმით დააბრკოლებს ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში,"- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არ მიიღებენ ისეთ წესებს, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდება.

„ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და ჩვენ მზად ვართ, მათ შორის, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები ჩავრთოთ ამ საკითხების განხილვაში. ჩვენ შეგვიძლია აქედანვე დავდოთ პირობა, რომ თუ რაიმე წესზე იქნება სხვადასხვა პოზიცია სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციი მხრიდან, ასეთი წესი არ დადგინდება. ეს არ არის პოლიტიიკური საკითხი და არის წმინდა ეპიდემიოლოგიური საკითხი. თუ მაგალითად, რომან გოცირიძე გვეტყვის, რომ თერმოსკრინგი არის რისკი პოლიტიკური და საარჩევნო კუთხით, თერმოსკრინინგი არ განხორციელდება საარჩევნო უბანზე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ორგანიზება მოხდება, უშუალოდ უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს