ირაკლი ოქრუაშვილი - დიდმა პარტიებმა უნდა დათმონ - ან მივიღებთ ყველაფერს და ეს არის „ქართული ოცნების“ გაშვება, ან მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგად მეტს და ისევ ოპოზიციაში იქნება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციას შორის მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების შანსი 80%-ია.

რაც შეეხება შეკითხვას, რომელი პარტიების პოზიციის გამო შეიძლება შეექმნას შეთანხმებას პრობლემა, როგორც ოქრუაშვილმა „ინტერპრესნიუსს “ განუცხადა, „პრობლემა იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებაში მონაწილეობას არ მიიღებს“.

ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ „დიდმა ორგანიზაციებმა უნდა დათმონ“.

„გამორიცხვით წავიდეთ: „ლელოს“ გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამ შეთანხმებაში, პრობლემას არ ქმნის. ყველა ასე ვთანხმდებით, რომ ეს არ არის დიდი გამოწვევა და დიდი პრობლემა, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ არ მიიღო ამ შეთანხმებაში მონაწილეობა, ეს უკვე პრობლემა იქნება. დიდი ორგანიზაციაა, დიდ ორგანიზაციაში დიდი ბიუროკრატიაა და მათი სამზარეულო მოითხოვს დროსაც და მეტად პოზიციების შეჯერებას. ან მივიღებთ ყველაფერს და ეს ყველაფერი არის „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება, ან მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგად მეტს და ისევ ოპოზიციაში იქნება... დიდმა ორგანიზაციებმა უნდა დათმონ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატის პრაიმერის წესით შერჩევის საკითხს, ოქრუაშვილის თქმით, „მანამდე სხვა ტიპის ამოცანებია შესასრულებელი“.

„ჩემთვის მიუღებელია საუბარი დავიწყოთ მე-6 ეტაპის ამოცანაზე, როცა ჯერ არ გადაგვილახავს მე-2, მე-3 და მე-4 ეტაპი. ჯერ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე მაჟორიტარული ოლქების განაწილების კუთხით, შემდეგ უნდა მოხდეს როგორც მინიმუმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და შემდეგ უნდა გადავიდეთ საპარლამენტო თანამდებობების განაწილებაზე გამომდინარე იქედან, ვინ რამდენი პროცენტით შევდივართ პარლამენტში და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ოპოზიციის საერთო პრემიერობის კანდიდატზე ანუ ბოლოდან დავიწყოთ, მე ამის მომხრე არ ვარ. ეს საკითხი აქტუალური გახდება სადღაც სექტემბერში, ახლა ძალიან ადრეა“, - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა