რამაზ საყვარელიძე - თუ ძალისხმევა იქნება, ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება შესაძლებელია

როცა ადამიანები ერთ და არცთუ ისე სასურველ ბედქვეშ ხვდებიან, საერთოს უფრო ადვილად პოულობენ და კომპრომისზეც უფრო ადვილად მიდიან, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციურ სპექტრს შორის მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით დაწყებულ კონსულტაციებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც საყვარელიძე განმარტავს, თუ ძალისხმევა იქნება, შესაძლოა, შეთანხმება შედგეს.

„არ არის გამორიხული, ჯერ კიდევ უზარმაზარი დროა მყარი შეთანხმებებისთვის და თუ ძალისხმევა იქნება, შესაძლოა, შეთანხმება შედგეს, მითუმეტეს ძნელია იმის თქმა, რომ რომელიმე მათგანს გამარჯვების დიდი შანსი აქვს. როცა ადამიანები ერთ და არცთუ ისე სასურველ ბედქვეშ ხვდებიან, საერთოს უფრო ადვილად პოულობენ და კომპრომისზეც უფრო ადვილად მიდიან“, - აცხადებს საყვარელიძე.

მისი განმარტებით, გამარჯვებისთვის კომპრომის მიღწევა აუცილებელია.

„ალბათ, ერთი რამ უდავოა, რომ შეთანხმება გამარჯვებისთვის საჭიროა. ვის აქვს კონკრეტულ ადგილზე გამარჯვების შანსი, ეს მხოლოდ იმით გაირკვევა, თუ ჩაატარებენ რეგიონში პრაიმერიზს, სოციოლოგიურ გამოკვლევას ან რაიმე ისეთს, რაც უკარნახებთ, ვის როგორი შანსი აქვს“, - აცხადებს საყვარელიძე.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატის პრაიმერის წესით შერჩევის საკითხს, პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს.

„პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის კანდიდატი პრაიმერის წესით უნდა აირჩიონო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რაც თითქოს იმას გულისხმობს, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა ან ამის შანსი აქვს. მას გამარჯვების შანსი არ აქვს. ერთადერთი, რა სამსახურიც შეიძლება ასეთ დროს კანდიდატმა ოპოზიციას გაუწიოს, არის ის, რომ თავად კანდიდატის ფიგურამ ხმების გარკვეული რაოდენობა მოიზიდოს ანუ, მომგებიანი უნდა იყოს კანდიდატი, რომელზეც პოზიციური პარტიები აპელირებას გააკეთებენ. შესაძლებელია, რომ კარგმა, პოპულარულმა კანდიდატმა ხმების გარკვეული პროცენტი მოიზიდოს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, არის თუ არა ოპოზიციურ სპექტრში ასეთი კანდიდატი, რამაზ საყვარელიძის თქმით, ამის გამოსავლენად კონკრეტული პოლიტიკოსების რეიტინგები უნდა გაიზომოს.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორც 2012 წლის შემდეგ გაირკვა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელი იყო, თუ გავითვალისწინებთ ასევე იმას, რომ „ევროპულ საქართველოს“ დაბალი რეიტინგი აქვს, ალბათ, ამ ორი ჯგუფიდან არცერთის წარდგენა მიზანშეწონილი არ იქნება. თუ გაერთიანებას გააფართოვებენ და მეტ-ნაკლებად პოპულარულ „ტიპებს“ ჩართავენ, მერე შესაძლოა, მომგებიანი აღმოჩნდეს წარდგენის ეს რიტუალი, ოღონდ ამისთვის ჩასატარებელია არა პარტიების, არამედ სწორედ კონკრეტული პოლიტიკოსების რეიტინგების კვლევა. ამის გარეშე რაიმეს თქმა ძნელია “, - აცხადებს საყვარელიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს