ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კონკურენტუნარიანი კანდიდატები დაასახელონ

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ოპოზიციურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კონკურენტუნარიანი კანდიდატები დაასახელონ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიციური ერთიანობა ხელისუფლებასაც არ აწყობს, რის გამოც მაქსიმალურად ეცდება, დაანაწევროს.

„ვფიქრობ, რომ ამის შანსი თითქმის არ არის, უკვე გაკეთდა მსგავსი განცხადებები პარტიების მხრიდან. ისინი უარყოფენ, რომ მზად არიან, პირველ ტურში კანდიდატებზე შეთანხმდნენ. მეორე მხრივ, ოპოზიციური ერთიანობა თავად ხელისუფლებას არ აწყობს. ამიტომ, ის მაქსიმალურად ეცდება, დაანაწევროს ოპოზიციური სპექტრი და ისე შეუშვას პარლამენტში. ამისთვის ყველა შესაძლო მეთოდს მიმართავს, სატელიტურ პარტიებს, ოპოზიციურ სპექტრში არსებულ მცირე, სხვადასხვა ჯგუფების გადაბირებას და ა.შ. ასევე საგულისხმოა თავად ოპოზიციური პოლიტიკური ჯფუფებისა და ლიდერების ამბიცია, რომლებსაც ისინი ვერ ელევიან. სხვადასხვა პოლიტიკოსები ამაყად რომ აცხადებენ, ოდაათივე ოლქში საკუთარი კანდიდატურა გვეყოლებაო, ძალიან მაინტერესებს, მათ გარდა, ვინმემ თუ იცის იმ კანდიდატების სახელები?! ოპოზიციურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კონურენტუნარიანი კანდიდატები დაასახელონ“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მისი თქმით, ღიმილის მომგვრელია ბევრი ოპოზიციური პარტიის განცხადება იმის თაობაზე, რომ ოცდაათივე ოლქში საკუთარი კანდიდატი ეყოლება. როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, კანდიდატის წარდგენას არაფერი უნდა, მთავარია, პარტიის ლიდერების გარდა, მათი სახელი და გვარები ვინმემ იცოდეს.

„კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც ჩემი აზრით, გაერთიანება არ შედგება, ისაა, რომ ზოგიერთი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებას მაქსიმალურად ერიდება და ამიტომ ის ამა თუ იმ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, რადგან ეშინია, ამით საკუთარი მხარდამჭერი არ დაკარგოს, რომლებმაც მის პროპორციულ სიას ხმა უნდა მისცენ“,-აცხადებს ლაგაზიძე.

მისი შეფასებით, პოლიტიკური სპექტრი ძალიან ჭრელია და მათ ნაწილს საკუთარი ამბიციები გააჩნია.

„მათი ნაწილი პოლიტიკაში საკუთარ თავს ხედავს ერთადერთი მიზნით, რომ კარგად ივაჭროს და ფინანსური სარგებელი ნახოს. მათ რეალურ მიზნებს პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, ისინი ფინანსურ გამორჩენას ელიან და რეალურად, არავითარ გაერთიანებაზე საუბარი არ არის. მეორე ნაწილი ამბიციებს ვერ ერევა, მესამე ნაწილი კი, წინასწარ ევაჭრება ხელისუფლებას მომავალ კოალიციაში ადგილის დაკავების მიზნით. ძალიან არარეალურად მეჩვენება საერთო კანდიდატებზე შეჯერება. რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს, რაც მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსებს გაზრდის“,-აცხადებს ლაგაზიძე.

მისი თქმით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსები დამოკიდებულია არა იმაზე, რას მოიმოქმედებს ოპოზიცია, არამედ იმაზე, რამდენად გართულდება ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია.

„მთლიანად, საქართველოში ოპოზიციური ელექტორატი რომ „ქართული ოცნებას“ ძალიან სერიოზულად ჭარბობს, ეს ცხადია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას იმდენი ამომრჩეველი ჰყავს, უპრობლემოდ გამარჯვება შეძლოს. „ქართული ოცნების“ შანსები დამოკიდებულია არა იმაზე, რას მოიმოქმედებს ოპოზიცია, არამედ იმაზე, რამდენად გართულდება ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია. დღეს ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე არის არა იმდენად დაქსაქსული ოპოზიცია, არამედ ეკონომიკა, რომელიც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩამოშლის პირას არის. ეკონომიკას კლიდან დაგორებულ ლოდს შევადარებდი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად წამოეწევა, თუმცა საკითხი ასე დგას- როდის წამოეწევა, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. თუ არჩევნებამდე წამოეწია, მაშინ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება ძალიან გაუჭირდება“,-აღნიშნავს ლაგაზიძე.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატის პრაიმერის წესით შერჩევის საკითხს, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს კარგი მოსაზრებაა.

„კარგი მოსაზრებაა, რომ პრაიმერის წესით ჩატარდეს და ხალხმა წინასწარ განსაზღვროს, ვინ შეიძლება იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ყველაზე მომგებიანი, კონკურენტული და რაც მთავარია, ინოვაციური კანდიდატი, რომელიც მოთხოვნებსა და გამოწვევებს უპასუხებს“,-განაცხადა ლაგაზიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა