ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციებიდან დღემდე სრულად მხოლოდ 20 პროცენტია შესრულებული

სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციებიდან დღემდე სრულად მხოლოდ 20 პროცენტია შესრულებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს პარლამენტში, ადამიანის უფლებებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დაწყებამდე განუცხადა, სადაც სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების აღსრულების ანგარიშს განიხილავენ.

როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ყველაზე მეტი რეკომენდაცია შსს-ს აქვს შესრულებული, ყველაზე ნაკლები ჯანდაცვის სამინისტროს, ხოლო იუსტიციის სამინისტრო პრაქტიკულად არ თანამშრომლობდა სახალხო დამცველის აპარატთან, არ აწვდიდა მათ ინფორმაციას და არ პასუხობდა წერილებზე.

„2018 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშში სახალხო დამცველმა გასცა 310 რეკომენდაცია, აღნიშნული რეკომენდაციებიდან 259 აქცია პარლამენტმა სავალდებულო დავალებად შესაბამისი უწყებების მიმართ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ გაცემული რეკომენდაციების 20 პროცენტია შესრულებული, 19 პროცენტი ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო დაახლოებით 60 პროცენტი არის სრულად შეუსრულებელი. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები არ არის დამაკმაყოფილებელი.

რაც შეეხება კონკრეტულ უწყებებს, ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი აქვს შსს- ს, შარშანდლის მსგავსად ნახევარზე მეტი რეკომენდაციები შესრულებული აქვს, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რაც შეეხებოდა მაგალითად, სამხრე კამერების დამატებას და მათი ხარისხის გაუმჯობესებას, პოლიციელთა მაქსიმალურად აღჭურვას ყველა დანაყოფში, ეს არის შეუსრულებელი. შსს- სთან გვქონდა რეკომენდაცია, რომ კონტრაქციების მართვის მიმართულებით გადაედგა ნაბიჯები და პრევენცია მოეხდინა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის, თუმცა, 2019 წელს მთელი რიგი აქციების დროს ვნახეთ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია ვერ შესრულდა და იყო შემთხვევები, როცა მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლებით ვერ ისარგებლა გარკვეულმა ჯგუფებმა.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტრომ ფაქტობრივად არ ითანამშრომლა ჩვენთან აღნიშნულო ანგარიშის მომზადების დროს, არ მოგვაწოდა არც ერთი ინფორმაცია, არც ერთ წერილზე არ გაგვცა პასუხი, თუ რა ეტაპზეა მათი მხრიდან დავალებების შესრულების მდგომარეობა. ამის მიუხედავად, ჩვენ სხვა წყაროებით დავადგინეთ, რომ დაახლოებით 10 რეკომენდაციაა ნაწილობრივ და სრულად შესრულებული 31 რეკომენდაციიდან, დანარჩენი არის სრულად შეუსრულებელი.

ყველაზე მეტი რეკომენდაციაა გაცემული შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ასევე ის გახლავთ უწყება, რომელმაც ყველაზე ნაკლები რეკომენდაცია შეასრულა. შეუსრულებელი რეკომენდაციების დიდი ნაწილი ეხება ფსიქიკური ჯანდაცვის, შშმ პირთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს. შეგვიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაზე ნაკლებად შეასრულა რეკომენდაციები,"- განაცხადა სახალხო დამცველმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა