საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შსს-ს მიერ დარღვევის 8 737 ფაქტი გამოვლინდა, დაჯარიმდა 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს 382 პირი, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი; მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი; მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისთვის დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი.

“3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;

კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;

ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილების გამო - 27 ფიზიკური პირი;

იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობისთვის დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;

ინდმეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობისთვის დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე).

ასევე, აღსანიშნავია, რომ მთავრობის N181 დადგენილების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სულ შედგა სამართალდარღვევის 202 ოქმი“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე ანგარიშის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 000-ზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული.

„ერთობლივი მონიტორინგის შედეგად პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, უზრუნველყოფდა ე.წ. კონტაქტების მოძიებას. ასევე, ხორციელდებოდა უცხო ქვეყნიდან შემოსული, კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალების (ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით გადაადგილების მონიტორინგი. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით განთავსდა 130-მდე ბლოკპოსტი. პერიოდულად მიმდინარეობდა თვითიზოლაციაში მყოფ პირთა მონიტორინგი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იკლო რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ.

„მათ შორის შემცირდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, სატრანსპორტო და ნარკოდანაშაული. კლება განპირობებულია როგორც საგანგებო მდგომარეობით, ისე ამ მდგომარეობის ფარგლებში პოლიციის მაქსიმალური მობილიზებით და გაზრილი ხილვადობით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა