გიორგი ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებაზე - ეს არის თანხმობისკენ გადადგმული ძალიან კარგი ნაბიჯი, ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანწილად შემდგარია

დასრულებულია განხილვები, შეთანხმება ჩავთვალოთ, რომ მნიშვნელოვანწილად შემდგარია , - ასე აფასებს „ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია თბილისში 8 ოლქიდან 6-ში კანდიდატს არ დააყენებს და მხოლოდ ორი ოლქის მოსაგებად იბრძოლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვაშაძემ განუცხადა, მთავარია, დანარჩენი 6 ადგილი სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს.

„ძალიან კარგი განცხადებაა, სწორი განცხადება. „ნაციონალური მოძრაობა“ იღებს ორ ადგილს, დანარჩენი 6 ადგილი მთავარია გადანაწილდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, მათ შორის, ჩვენც, „ახალი საქართველოც“ მივიღებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას. ეს არის თანხმობისკენ გადადგმული ძალიან კარგი ნაბიჯი. მე მგონი, დასრულებულია განხილვები, შეთანხმება ჩავთვალოთ, რომ მნიშვნელოვანწილად შემდგარია. ძალიან კარგი ფორმაა. საჯაროდ მოხდა ამის გაცხადება, რომ აღარ იყოს კიდევ ორაზროვნება დისკუსიების. პოლიტიკა საჯარო საქმეა და ეს ფორმა ძალიან კარგია“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება რეგიონებს, როგორც ვაშაძე ამბობს, რეგიონებთან დაკავშირებით დისკუსია ოპოზიციურ პარტიებს შორის ჯერ არ დაწყებულა.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობდით თბილისთან დაკავშირებით. რეგიონებზე მსჯელობაც კი არ დაგვიწყია. საერთოდ რეგიონებში ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში ჯობს რამდენიმე კანდიდატი იყოს რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე. დრო გვიჩვენებს ყველაფერს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს. მისი თქმით, ხვალიდან პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - გლდანსა და სამგორში - დაიწყებს. როგორც მელიამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური გაერთიანების შეთანხმების დარღვევას აპირებდეს, უსაფუძვლოა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს