გია ჟორჟოლიანი - სასიხარულოა, რომ მთავრობა პირველად ელაპარაკება არა ნეოლიბერალური ეკონომიკის პროპაგანდისტებს, არამედ განვითარების ეკონომიკის აღიარებულ ექსპერტებს

ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს საქართველოს მთავრობა პირველად ელაპარაკება არა ნეოლიბერალური ეკონომიკის პროპაგანდისტებს, არამედ განვითარების ეკონომიკის - დეველოპმენტარისტული სკოლის აღიარებულ ექსპერტებს, - ამის შესახებ პარტია „სოციალ- დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას და კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსტეტების ეკონომიკური პოლიტიკის პროფესორებს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციას გამოეხმაურა.

მან იმედი გამოთქვა, რომ პრემიერის კონსულტაციები არ უკავშირდება მხოლოდ ეპიდემიურ მდგომარეობას და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებული პოსტკრიზისული გეგმა გახდება არსებული ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლიანი გადახედვის დასაწყისი.

"იცვლება თუ არა მთავრობის ეკონომიკური კურსი? როგორც ცნობილია, გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენცია გამართა კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსტეტების ეკონომიკური პოლიტიკის პროფესორებთან - ჰა ჯუნ ჩანგთან, კრისტოფერ კრამერთან და ჯონათან დი ჯონსთან. ფართო საზოგადეობისთვის საინტერესო იქნება განვმარტოთ ამ ადამიანების შეხედულებები და ის, რომ ისინი არიან განვითარების ეკონომიკის (დეველოპმენტალიზმის) სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც უპირისპირდებიან აქამდე გაბატონებულ ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელმაც საბოლოო კრახი ჯერ კიდევ 2008 წლის კრიზისის სახით განიცადა. კრიზისის შემდგომ პერიოდში, ზემოთხსენებული ეკონომისტი ჰა ჯუნ ჩანგი მიწვეულ იქნა მსოფლიო ბანკის პლენარულ სხდომაზე, სადაც ისაუბრა სახელმწიფოს ინდუსტრიული პოლიტიკის გადამწყვეტი როლის შესახებ ეკონომიკური განვითარების საქმეში. მოგვიანებით ამ ავტორმა „გაეროს საკვების და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)“ დაკვეთით გამოაქვეყნა დოკუმენტი - „საჯარო პოლიტიკის როლის გადააზრება სოფლის მეურნეობაში“. ეს და სხვა დეველოპმენტალისტი ავტორების ნაშრომები წარმოადგენს იმ კონცეპტუალურ საფუძველს, რომელსაც პირდაპირ ემყარება ჩვენი პარტიის ეკონომიკური პროგრამა,"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, პრემიერის ეს მაბიჯი პოლიტიკურ მხარდაჭერას საჭიროებს.

"ჩვენ დიდი ხანია ვეწევით ამ იდეის პროპაგანდას აკადემიური თარგმანებისა და საჯარო კონფერენციების სახით. ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პერიოდში, ჩვენი ინიციატივით, ამ სკოლის ისეთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში, როგორებიც არიან ერიკ რეინერტი, დანი როდრიკი და რობერტ ვეიდი. ისინი შევახვედრეთ მთავრობის წევრებს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ვიზიტს შედეგი არ მოყოლია - ჩვენმა მთავრობამ კვლავ გააგრძელა „ეკონომიკაში ჩაურევლობის პოლიტიკა“, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაუმთავრებელი ძიება, ყოველგვარი პრიორიტეტების გამოკვეთისა და მრეწველობის დაგეგმვის რაიმე ელემენტების შემოღების გარეშე.

ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს საქართველოს მთავრობა პირველად ელაპარაკება არა ნეოლიბერალური ეკონომიკის პროპაგანდისტებს, არამედ განვითარების ეკონომიკის - დეველოპმენტარისტული სკოლის აღიარებულ ექსპერტებს. განსაკუთრებით ხაზი გვინდა გავუსვათ ბატონი ჩანგის მაღალ ავტორიტეტს, რომელიც მრეწველობას და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციას მიიჩნევს ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედად.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ პრემიერის კონსულტაციები არ უკავშირდება მხოლოდ ეპიდემიურ მდგომარეობას და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებული პოსტკრიზისული გეგმა გახდება არსებული ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლიანი გადახედვის დასაწყისი.

ჩანგი და ზემოთდასახელებული მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის სიღარიბე მათი ბედისწერის კი არა, მათი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც სიღარიბეს ებრძვის გულისხმობს სახელმწიფოს მიერ საბაზრო კანონებისათვის არა გარედან თვალყურის დევნებას, არამედ სახელმწიფოს მიერ ინდუსტრიული პოლიტიკის წარმართვას, პრიორიტეტების გამოყოფას და დაგეგმვის მნიშვნელოვანი ელემენტების შემოღებას. ერთი სიტყვით ისინი ეწინააღმდეგებიან ისეთი ეკონომისტების და მეცნიერების რჩევებს როგორიცაა მაგალითად ბალცეროვიჩი, გაიდარი და სხვები, რომელთა რჩევებმაც და ნაკარნახევმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განვითრების გზა დაუხშო, როგორც საქართველოს ისე სხავ პოსტ-საბჭოთა და განვითარებად ქვეყნებს. სამწუხაროდ დღესაც არიან მათი პოპულარიზატორები, ამიტომ პრემიერის ეს წამოწყება მნიშვნელოვანია და საჭიროებს პოლიტიკურ მხარდაჭერას," - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო