„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” - პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს

პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.

უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში 1 ივნისს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი წარადგინეს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში“ განმარტავენ, პროექტით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის, სხვადასხავა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან, ამასთანავე, პოლიტიკური დებატების დროს, უმრავლესობის ფრაქციას დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ. გარდა ამისა, საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად დამოუკიდებლად, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, უმცირესობა როგორც ცალკე აღებული სუბიექტი უქმდება. იარსებებს უმრავლესობა და ოპოზიცია. უმრავლესობა შედგება პარლამენტის არაანაკლებ 76 წევრისგან. პარლამენტის ყველა ის წევრი, რომელიც არ იქნება გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში, მიეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას.

„რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უარყოფითად უნდა შეფასდეს, რადგან მნიშვნელოვნად აუარესებს ოპოზიციის (მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატების) უფლებრივ მდგომარეობას პარლამენტში და ორიენტირებულია უმრავლესობისათვის პრივილეგიების შექმნაზე. საპარლამენტო რესპუბლიკაში დემოკრატიული მმართველობის განვითარება შეუძლებელია მხოლოდ უმრავლესობის უფლებების გაძლიერების ხარჯზე. პარლამენტის როლის გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესებში. ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ორიენტირებული იყოს ყველა პოლიტიკური ძალის სრულფასოვან მონაწილეობაზე საკანონდებლო და საზედამხედველო პროცესში და გააძლიეროს ოპოზიციის როლი (რისი რეკომენდაციაც არაერთხელ წარვუდგინეთ პარლამენტს), იგი იმ უფლებებსაც უმცირებს ოპოზიციას, რაც მოქმედი კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. უარესდება მცირე რაოდენობით წარმოდგენილი პარტიების მდგომარება, რაც დაასუსტებს საპარლამენტო ოპოზიციას. პარტიებს, რომლებსაც 7 მანდატზე ნაკლები ექნებათ პარლამენტში, სხვა პარტიასთან ერთად ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ერთმევათ. ფრაქციას ვერ შექმნიან ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი მაჟორიტარები. არჩევნებზე 7 მანდატის მისაღებად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 6%-მდე უნდა მიიღოს. იმის გამო, რომ ფრაქციის ფორმირებას ვერ შეძლებენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდებათ, როგორიცაა, მათ შორის: დებატებში მონაწილეობის დროის ხანგრძლივობა - უფრაქციო დეპუტატებს, ფრაქციებთან შედარებით, ნაკლები დრო ეკუთვნით; ვერ გამოიყენებენ სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლის უფლებას; ვერ წარადგენენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; გართულდება დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესი, რადგან დადგენილების ინიცირების უფლება დამოუკიდებელ დეპუტატებს 30 მხარდამჭერის შემთხვევაში აქვთ (პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი), მაშინ როდესაც ფრაქციას 7 წევრის შემადგენლობით აქვთ იგივეს უფლება; დამოუკიდებელი დეპუტატები ნდობის ჯგუფის წევრებს ვეღარ წარადგენენ; პარლამენტის ბიუროში დამოუკიდებელი დეპუტატები არ შედიან, შესაბამისად, ფრაქციის შექმნის გარეშე მათი წარმომადგენლობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი; ვერ ისარგებლებენ ფრაქციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსებით. პრობლემაა ოპოზიციის წარმომადგენლობის შემცირება პარლამენტის თანამდებობებზე პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციიდან, 3 მოადგილის ნაცვლად, ერთი მოადგილე ეყოლება,“- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა