ირაკლი კობახიძე - ფუნდამენტურად გადასახედია კანონმდებლობა საგანგებო და საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით

ფუნდამენტურად გადასახედია კანონმდებლობა საგანგებო და საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის შესახებ ახალი კანონია შესამუშავებული.

„რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის საქმიანობას, ამ თემას განვაზოგადებდი. კანონმდებლობაში მთელი რიგი ხარვეზები აღმოჩნდა. ეს პარლამენტს არ ეხება მაინც და მაინც, ზოგადად ასე აღმოჩნდა. ჩვენ გვაქვს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი“, ასევე „საომარი მდგომარეობის შესახებ კანონი“, რომელიც არანაირად არ შეესაბამება იმ საჭიროებებს, რაც საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს დგას. ფუნდამენტურად გადასახედია კანონმდებლობა საგანგებო და საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მთელი რიგი კონკრეტული რეგულაციებია გასაწერი იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს არ მოხდეს მანიპულირება, ბოროტად გამოყენება, არ დაწესდეს ისეთი შეზღუდვები, რომელიც თანაზომიერების პრინციპს აჭარბებს და ასე შემდეგ. საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის შესახებ მთლიანად ახალი კანონია შესამუშავებული.

რაც შეეხება რეგლამენტსა და პარლამენტის ნაწილს, ვიტყოდი, რომ პარლამენტი, როგორც ამ ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, დაახლოებით იდენტურად მუშაობდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის უმრავლესობაც, იგივე შეეხება აშშ-ის კონგრესსაც. გეთანხმებით, რომ პრობლემა არის შესასწავლი და ვნახოთ, როგორი რეგულაციები შეიძლება აისახოს რეგლამენტში იმისთვის, რომ სხვაგვარი იყოს პარლამენტის სამუშაო პროცესი ასეთ ვითარებაში. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან გვექნება იმის საშუალება, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტმა, როგორც ინსტიტუციამ, საგანგებო მდგომარეობის დროს თავისი როლი ფაქტობრივად დაკარგა. მისი შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა მუშაობა შეწყვიტოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს