აუდიტის სამსახური - სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემა მოძველებულია- პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები სათანადო ხარისხით არ არის დაცული

სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემა მოძველებულია , - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემების 2014-2019 წლების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეაფასა პენსიის ადმინისტრირების პროცესში გამოყენებული მონაცემების უსაფრთხოება და პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრაქტიკა და როგორც ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას. ამასთან, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების პროცესში გამოყენებულ მონაცემებზე ეფექტიან კონტროლს.

„ ქვეყნის მასშტაბით არსებულ რაიონულ ოფისებში სააგენტოს თანამშრომლებს დაშვება აქვთ იმაზე მეტ ინფორმაციაზე, ვიდრე ეს საჭიროა მათი ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად. ასევე, სააგენტოს არ გააჩნია ტექნიკური კონტროლები, რომელთა საშუალებითაც მიიღწეოდა არასანქცირებული მოქმედებების აღმოჩენა და პრევენცია. შესაბამისად, პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები სათანადო ხარისხით არ არის დაცული,” - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციულ სისტემას („პენსია 2005“) , აუდიტის სამსახურის შეფასებით, ის მოძველებულია და ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს სხვა სისტემებთან ინტეგრაციას. სისტემა არ არის ცენტრალიზებული, რაც გულისხმობს, რომ იგი დამოუკიდებლად არის დაინსტალირებული ყველა სამუშაო სადგურზე (პერსონალურ კომპიუტერზე) და ერთმანეთს არ უკავშირდება. სხვადასხვა მომხმარებლის მიერ დამუშავებული მონაცემების ცენტრალიზება ხდება ხელით და საჭიროებს რამდენიმე ნაბიჯს. შესაბამისად, დეცენტრალიზებული არქიტექტურის გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ბიზნესპროცესი არ არის პროდუქტიული და საჭიროებს ინტენსიურ ხელით შესრულებულ პროცესებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის მონაცემთა დამუშავების სიზუსტისა და სანდოობის რისკებს.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის დაფინანსებამ 2019 წელს 1,9 მლრდ ლარი შეადგინა, ბენეფიციართა რაოდენობამ კი 762 ათას ადამიანს გადააჭარბა.

აუდიტის სამსახური სოციალური მომსახურების სააგენტოს რეკომენდაციას აძლევს, რომ უზრუნველყოს პენსიის ადმინისტრირების სისტემის განვითარების გეგმის შემუშავება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პენსიის ადმინისტრირების სისტემის ცენტრალიზებული მართვის შესაძლებლობას და თავსებადობას სოციალური უზრუნველყოფის სფეროს სხვა სისტემებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა