საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელების ორი კანონპროექტი განიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ კომიტეტში პირველი მოსმენით განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მან კანონპროექტის ძირითადი დებულებები წარმოადგინა და ყურადღება გაამახვილა პროექტის მიღების მიზანსა და მიზეზზე.

მისი თქმით, ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტისთვის ამოქმედდება უკვე კონსტიტუციის ძირითადი დებულებები და საჭიროა მასთან რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანა.

„ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ განხორციელდეს პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია გარკვეულ ფარგლებში. გარდა ამისა, არის მთელი რიგი დებულებები, რომლებიც დაიხვეწება გამომდინარე იმ პრაქტიკიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, აქ სიახლეა, რომ ნაცვლად 6 წევრისა, ფრაქციაში გაერთიანებული უნდა იყოს მინიმუმ 7 წევრი.

„ახალი კონსტიტუციით ამოქმედდება პრინციპი, რომლის მიხედვით, ფრაქცია უნდა იყოს პარტიის საპარლამენტო ეკვივალენტი. იცვლება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განსაზღვრის წესი და მათი რაოდენობა, კერძოდ, ახალი რეგლამენტით ფრაქციას 15 წევრზე შეიძლება ჰყავდეს თავმჯდომარის ერთი მოადგილე.

ცვლილებები ეხება უმრავლესობას და ოპოზიციას. მომხსენებლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მსხვილდება პარტიების სტრუქტურა საქართველოს პარლამენტში, აზრს კარგავს უმრავლესობისა და უმცირესობის, როგორც საპარლამენტო სუბიექტების არსებობა.

ახალი რეგლამენტით მთავარი პოლიტიკური სუბიექტები იქნებიან ფრაქციები, მაგრამ იმისთვის, რომ, მაგალითად, დროებით კომისიებში სათანადოდ გადანაწილდეს კვოტები, მათ შორის ვიცე-სპიკერებისაც, განისაზღვრება სწორედ ამ პრინციპით. აქედან გამომდინარე, შემოღებულია რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, პირველ სხდომაზე ან ბიუროს სხდომაზე რეგისტრირდება უმრავლესობისა და ოპოზიციის სიები.

სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, საჭირო იყო დებატების დროების ახლებურად განსაზღვრა და ინიციატორებმა იხელმძღვანელეს პრინციპით, რომ უმრავლესობას და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თანაბარი დრო. ამ პრინციპის შესაბამისად, თითოეულ პარლამენტის წევრზე თითოეულ ფრაქციას გამოყოფილი აქვს თითო წუთი. მხოლოდ გარკვეული ლიმიტები დაწესდება ზედა და ქვედა ზღვარზე. რაც შეეხება უფრაქციო პარლამენტის წევრებს, მათთვის განკუთვნილი იქნება 3 წუთი.

ცვლილებები შეეხება ვიცესპიკერებსაც - პარლამენტის თავმჯდომარეს ეყოლება პირველი მოადგილე და თითო მოადგილე უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან.

ასევე, შემოღებულია ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ერთი დეპუტატი შეიძლება იკავებდეს მხოლოდ ერთ საპარლამენტო თანამდებობას და აქ მხოლოდ ერთი გამონაკლისია დაშვებული დროებით კომისიებთან მიმართებით, რომელიმე თანამდებობის პირს შეიძლება პარალელურად ეკავოს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მდივნის თანამდებობა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძემ პირველი მოსმენის ფორმატში წარმოადგინა კანონპროექტის ძირითადი ცვლილებები.

მისი თქმით, ზოგად დებულებებზე, ტექნიკურ ცვლილებებსა და დეტალებზე მეორე მოსმენის დროს იმსჯელებენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ამ ცვლილებების მთავარი მიზანი არის ის, რომ X მოწვევის პარლამენტს უკვე ჰქონდეს ის რეგლამენტი, რომელიც თავსებადი იქნება კონსტიტუციასთან.

ირაკლი კობახიძემ ამომწურავად უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც დაისვა დეპუტატების, ექსპერტების და სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ.

სხდომაზე განიხილეს ასევე წარმოდგენილი რეგლამენტის თანმდევი კანონპროექტები, რომლებშიც ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება.

კომიტეტმა დღეს განიხილა პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობისაში მოყვანას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტთან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“.

რატი იონათამიშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ვალდებულება, საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.

იმავე კანონპროექტში მითითებულია საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული ანგარიშის განხილვის თაობაზე.

„ამდენად, საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რათა გაჩნდეს დასახელებული ანგარიშის განხილვის სამართლებრივი საფუძველი და გაიწეროს შესაბამისი პროცედურები.

სხდომის დასასრულს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტის ორივე კანონპროექტს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს