თენგიზ ცერცვაძე - "პლაქვენილი" COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დავაბრუნეთ

ჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ამით თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) გადაწყვეტილებას Solidarity კვლევაში ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) დაბრუნების თაობაზე.

ცერცვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოში "პლაქვენილს" წარმატებით იყენებდნენ სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არც ერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა

„როგორც ცნობილია, ჟურნალ Lancet -ში ა.წ. 22 მაისს გამოქვეყნებული სტატიის:(https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(20)31180-6/fulltext) შემდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, 2020 წლის 25 მაისს ჯანმო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო კლინიკურ კვლევა - Solidarity -დან მისი დროებით ამოღების თაობაზე. რამდენადაც საქართველო მონაწილობს Solidarity კვლევაში, ჩვენ, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტებიდან დროებით, ჯანმოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამოგვეღო ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენება. თუმცა, ამავე დროს ყველა დონეზე დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოში "პლაქვენილს" წარმატებით ვიყენებდით სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არც ერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა", - აცხადებს ცერცვაძე.

ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, „ცნობა "პლაქვენილის" გარდაცვალების შესახებ ცოტა ნაადრევი გამოდგა".

"ა.წ. 2 ივნისს მსოფლიო ექსპერტებს და თავად ჟურნალ Lancet -ს გაუჩნდათ კითხვები და ეჭვი ამ ჟურნალში პლაქვენილის თაობაზე გამოქვეყნებული ნეგატიური შედეგების სარწმუნოებაზე და ეს უაღრესად მაღალრეიტინგული ჟურნალი ერთგვარად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა. პარალელურად ა.წ. 3 ივნისს ჯანმო-ს სპეციალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააბრუნოს ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) Solidarity კვლევაში. შესაბამისად, ჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.

ამავე პერიოდში დარგის მსოფლიო ლიდერმა - აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ინფექციურ დაავადებათა და ალერგიის ინსტიტუტმა (NIH/NIAID) პროფესორ Anthony Fauci-ის ხელმძღვანელობით დაიწყო ახალი მასშტაბური კვლევა მსუბუქი/საშუალო სიმძიმის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებაზე დაავადების დამძიმებისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის.

პარალელურად აშშ-ს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელდება მასშტაბური კვლევები COVID-19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირებისთვის ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის შესწავლის თემაზე.

აშშ პრეზიდენტი ბ-ნი ტრამპი, რომელმაც თავის დროზე ღიად დაუჭირა მხარი ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას COVID-19-ით პაციენტებში, აცხადებს, რომ პირადად იღებს ამ მედიკამენტს COVID-19-ის პროფილაქტიკისათვის.

მოკლედ, მარკ ტვენის ცნობილი ფრაზის პერიფრაზით - „ცნობა "პლაქვენილის" გარდაცვალების შესახებ ცოტა ნაადრევი გამოდგა“", - აღნიშნავს ის.

ასევე ცერცვაძის თქმით, "პლაქვენილი" ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ მხოლოდ ერთ-ერთი მედიკამენტია და საქართველოში COVID-19-ით პაციენტების მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომით უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ხდება.

"იმ პირების საყურადღებოდ, რომლებიც ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას ჩვენს სამკურნალო სტრატეგიასთან აიგივებენ და ჯანმო-ს მიერ მისი კვლევიდან ამოღება კმაყოფილებით აღიქვეს - ასეთ რეპლიკაც კი იყო, რომ ჯანმო-ს ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს „სულზე მოუსწრო?!“. მინდა მკაფიოდ განვუმარტო, რომ "პლაქვენილი" ჩვენთვის COVID-19-ის სამკურნალოდ მხოლოდ ერთ-ერთი მედიკამენტია და საქართველოში COVID-19-ით პაციენტებს ვმკურნალობთ ინდივიდუალური მიდგომით უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს - პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ - ჰემადსორბცია სხვადასხვა სორბენტების (მათ შორის Cytosorb-ის) გამოყენებით და სხვ. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა COVID-19 პნევმონიის L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა ავადმყოფების გადარჩენაზე და საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ამან (და არა პლაქვენილმა) განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს 1 მილიონ მოსახლეზე ევროპის 48 ქვეყნიდან აქვს COVID-19-ისგან სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (3,3). ეს ფაქტი აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციების, ექსპერტების და გამოცემების მიერ და ჩვენმა ოპონენტებმა ეს გინდ დაიჯერონ და გინდ არა", - აცხადებს ცერცვაძე.

ასევე ცერცვაძე პასუხობს რევაზ ბოჭორიშვილს და აღნიშნავს, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია.

"აქვე მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს „სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას“, ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში „სიმართლე ხომ მთავარია, არა?“ - აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად „რეგვენული მოთხოვნებით“.

ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში - 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვენებს“, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ“,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

განცხადებას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო