ნაზი ჯანეზაშვილი - ნინო ქადაგიძეს მოსაწვევს ვუგზავნი, რომ მოვიდეს იუსტიციის საბჭოს სხდომებზე და მნიშვნელოვან კითხვებს პასუხები გასცეს

მოვუწოდებ ნინო ქადაგიძეს და ვუგზავნი მას მოსაწვევს, რომ მოვიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე, დაესწროს, მიიღოს მონაწილეობა და ძალიან მნიშვნელოვან აქტუალურ კითხვებს გასცეს პასუხი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს არ ესწრება.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც არის თანამდებობრივად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ამ დრომდე სხდომებში მონაწილეობას არ ღებულობს. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს ამჟამად საქართველლოს საერთო სასამართლოების სისტემაში. მიმდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ორ ვაკანსიაზე შერჩევის კონკურსი. ვფიქრობ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლოს სისტემაში ყველაზე მეტად უნდა ეხებოდეს და აინტერესებდეს თუ როგორ მიდის ეს პროცესი. ეს პროცესი, როგორც აქამდე ტრადიციულად იყო, დარღვევებით მიმდინარეობს. არის ორი სერიოზული დარღვევა ამ ეტაპისათვის. ვადების სერიოზული დარღვევა და აქ საუბარი არ არის ერთ და ორდღიან დარღვევებზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ნინო ქადაგიძეს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეს თემა უნდა აინტერესებდეს. როდესაც მას ირჩევდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარის თანამდებობაზე, განაცხადა, რომ ხელს შეუწყობდა ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. თუ იგი არ ივლის სხდომებზე, არ დაესწრება და არ მიიღებს მონაწილეობას, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, შესაბამისად, ანგარიშვალდებულ სისტემაზე ფიქრი მისი მხრიდან არის სრულიად ზედმეტი და უადგილო“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის შედეგი იმ „მანკიერი პრაქტიკისა, რომელსაც სისტემა გვთავაზობს“.

„გარდა ამისა, ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო უზენაესი სასამართლოს პლენუმმა. ორი მოსამართლე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში და ქადაგიძეს არ გაუცია არც ამაზე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი პასუხი, თუ რატომ აირჩია ხვიჩა კიკილაშვილი თანამდებობაზე წარსადგენად მან და ასევე ვასილ როინიშვილი. ეს ორივე ადამიანი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ათი წლის ვადით. რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს ადამიანები, ამაზე მას არ გაუცია სიღრმისეული პასუხი საზოგადოებისათვიის. მოვუწოდებ, რომ გამოვიდეს და ამ პერიოდის განმავლობაში, რაც იგი თავმდჯომარეა, მას არ ჩაუტარებია ბრიფინგები ამ თემაზე, საზოგადოების წინაშე არ გაუცია ასეთი მნიშვნელოვანი კითხვებისთვის პასუხი. ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდეს და ამ კითვებსაც უნდა გასცეს პასუხი. ეს არის შედეგი იმ მანკიერი პრაქტიკისა, რომელსაც გვთავაზობს სისტემა. როდესაც, თანამდებობაზე ადამიანის არჩევა ხდება გარკვეული პოლიტიკური ნიშნებით ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ ან „ჩინჩალაძის კლანის“ სასარგებლოდ“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს