„ლელო“ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება და კრიზისით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის გეგმა შეიმუშავოს

პოლიტიური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიმუშავოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის. ამის შესახებ პარტიის წევრებმა საბა ბუაძემ და ვატო სურგულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

„ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო დღეს შემოსავლის გარეშე ტოვებს ექიმებს და ადამიანებს,“რომელთა ფასდაუდებელი შრომის შედეგადაც საქართველომ მოახერხა კორონავირუსთან ეფექტური გამკლავება“.

როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, მთავრობის 520-ე დადგენილებით ჯანდაცვის სექტორმა უდიდესი ფინანსური ზარალი მიიღო. მისი თქმით, დაფინანსების წესში განხორციელებული ცვლილებების გამო, სამედიცინო დაწესებულებები იძულებული გახდნენ 30%-ით შეემცირებინათ სახელფასო ფონდი და კარდიოქირურგიის დარგი ფაქტობრივად დაშლის პირას მივიდა. ბუაძის ინფორმაციით, ამ დადგენილების მსგავსად, დაფინანსების შემცირება ასევე დაგეგმილია ოფთალმოლოგიის, ნეიროქირურგიის და ორთოპედიის სფეროებში, რაც დამატებით დარტყმას მიაყენებს საავადმყოფოებს და უმუშევრობის რისკის ქვეშ დააყენებს ათასობით ადამიანს.

„მთავრობის დადგენილებით მიყენებული ზარალის გარდა, სამედიცინო დაწესებულებებს მძიმედ შეეხო კორონავირუსი. შექმნილი ვითარების გამო, 2 თვით შეჩერდა გეგმური სამედიცინო მომსახურებები და ოპერაციები, რამაც ფინანსურ კრიზისში მყოფი დაწესებულებები დახურვის რისკის ქვეშ დააყენა. იმ ფონზე, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურებისათვის მთავრობას 4 თვე სჭირდება, კლინიკების სასარგებლოდ სახელმწიფომ დააგროვა 300 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება. ამის გამო საავადმყოფოები ვერ ახერხებენ ხელფასების გაცემას, სესხების მომსახურებას და სხვა ხარჯების დაფარვას,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრების განცხადებით, დღეს სამედიცინო სექტორი ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი მსესხებელია და ქვეყნის მთლიანი საკრედიტო პორტფელის 7%-ს იკავებს. სამედიცინო დაწესებულებების მასშტაბურმა გადახდისუუნარობამ შესაძლოა ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს.

როგორც პარტიის წევრები აღნიშნავენ, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ სამედიცინო დაწესებულებები კრიზისამდელ მდგომარეობაში დაბრუნდნენ და ჩვეულ რეჟიმში შეძლონ ოპერირება. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საფრთხე არ დაემუქროს ექიმების, ექთნების და სანიტრების შემოსავალს.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს