ზურაბ აბაშიძე - არ მაქვს სურვილი ვარკვიო, რატომ და რისთვის შემოინახა 5 წელი გულში გიორგი ვაშაძემ ჩემი კომენტარი, რომელიც 2015 წელს გავაკეთე, ეტყობა რაღაც გაუჭირდა

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე “ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ მან რუსული კომპანიების ქართული პორტებით დაინტერესების საკითხზე კომენტარი 2015 წლის 29 მაისს გააკეთა. მისი შეფასებით, თავის დაგვიანებულ განცხადებაში გიორგი ვაშაძემ კოლაბორაციონიზმად მონათლა რუსეთიდან ტრანზიტული და კომერციული ტვირთების გატარება.

ზურაბ აბაშიძე გიორგი ვაშაძეს საპასუხო განცხადებით ეხმაურება და მას რამდენიმე შეკითხვით მიმართავს.

“გუშინ “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ბატონ გიორგი ვაშაძის განცხადება, რომელმაც გამაკრიტიკა ჩემი კომენტარის გამო იმის თაობაზე, რომ რუსული კომპანიები დაინტერესდნენ ქართული პორტებით, თავისი ტვირთების გასატარებლად. არ მაქვს სურვილი ვარკვიო, თუ რატომ და რისთვის შემოინახა 5 წელი გულში ბატონმა ვაშაძემ ჩემი ეს კომენტარი, რომელიც გავაკეთე 2015 წლის 29 მაისს. ეტყობა რაღაც გაუჭირდა. თავის ეგზომ დაგვიანებულ განცხადებაში ბატონმა ვაშაძემ კოლაბორაციონიზმად მონათლა რუსეთიდან ტრანზიტული და კომერციული ტვირთების გატარება. ამასთან დაკავშირებით მასთან მაქვს რამდენიმე კითხვა:

- თვლის თუ არა იგი კოლაბორაციონიზმად რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ფაქტობრივად გადაფორმებას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა?

- თვლის თუ არა იგი კოლაბორაციონიზმად საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების დაბრუნებას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა?

- თვლის თუ არა იგი კოლაბორაციონიზმად რუსული კომპანიებისათვის საქართველოს სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის 15 (!) ელექტროსადგურის მიყიდვას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა? დამატებით კითხვებს ნაცმოძრაობის შესაძლო კოლაბორაციონიზმთან დაკავშირებით იმ შემთხვევისთვის შემოვინახავ, თუკი ბატონი ვაშაძე კვლავაც დროულად ჩათვლის მის განცხადებას 2015 წლის ჩემს კომენტართან დაკავშირებით.

სხვათა შორის, მან ჩემი დიპლომატიური გამოცდილებაც მოიხსენია, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ. ასეთ რჩევას მივცემდი ბატონ ვაშაძეს: თუ საპასუხო კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტთ, ნუ იჩქარებთ, 5 წელი იფიქრეთ და მერე თქვით სათქმელი“,-აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე, რომლის განცხადებასაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, “ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, კოლაბორაციონისტულია ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ რუსული კომპანიების მიერ პორტებით დაინტერესება საინტერესო პერსპექტივაა. მისი თქმით, ეს ქართული სახელმწიფოს ინტერესს არ ემსახურება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო