დავით უსუფაშვილი - ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას „ლელო“ მხარს არ უჭერს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას „ლელო“ მხარს არ უჭერს. უსუფაშვილის თქმით, შესაძლოა, ამის გამო ვიღაცის თვალში ძველმოდურად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ყოველგვარი „ფობიობანას“ გარეშე უნდა აიტანონ.

უსუფაშვილი ასევე საუბრობს სხვა საკითხებზე, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში დეტალურად იქნება განხილული.

„ამ ყველაფერზე საარჩევნო პროგრამაში დეტალურად ვისაუბრებთ, მაგრამ რადგან მეკითხებიან, ვპასუხობ:

„საეკლესიო ტყეების“ საკითხს „ლელოში“ მინიმუმ სამ პრიზმაში განვიხილავთ: 1. ტყე. სახელმწიფოს ხელში ტყე ჩვენს თვალწინ ნადგურდება. ვთვლით, რომ ტყის საუკეთესო მეპატრონეა ტყის კონკრეტულ მასივთან უშუალოდ დაკავშირებული მოსახლეობა, რომელსაც აქვს ტყის უპირატესი მოსარგებლის ბუნებრივი უფლება და რომელმაც თვითმმართველობისა და სახელმწიფო რეგულაციების საფუძველზე უნდა უპატრონოს კიდეც მას. ჩვენ, პირველ რიგში, მხარს ვუჭერთ ტყის შესაბამისი მასივების გადაცემას მუნიციპალურ და სასოფლო საკუთრებაში. მიგვაჩნია, რომ ეკლესია-მონასტრებს, ამავე პრინციპების საფუძველზე, შეიძლება გადაეცეს მათ ისტორიულ შემოგარენში არსებული ტყის ნაკვეთები. 2. არჩევნები და ეკლესია. არჩევნებამდე 6 თვით ადრე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, „საეკლესიო ტყეების“ საკითხის წამოწევით სახელმწიფოს სათავეში მყოფი მორიგი ხელისუფლება მორიგ ჯერზე ცდილობს წინასაარჩევნო ბატალიებში ჩაითრიოს საეკლესიო წრეები. ამისათვის ნაცად ხერხს მიმართეს და სწორედ წინასაარჩევნო თვეებში გააჩაღეს დისკუსია გადასაცემი ტყის ფართობებზე, პირობებეზე, ვადებზე და სხვა. ვთვლით, რომ ასეთი მიდგომა ემსახურება ვიწროპარტიულ და კერძო ინტერესებს და არა ტყის, ეკლესიის და ქვეყნის ინტერესებს. 3. საეკლესიო ქონება. ეკლესია, როგორც სამოქალაქო ურთიერთობების სუბიექტი, ექვემდებარება ქვეყნის საერო კანონმდებლობას ქონებრივ, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებში, მათ შორის, სახელმწიფოსგან მიღებული ქონების და დაფინანსების მიზნობრიობის მიმართულებით. თითქოს ეკლესიის საუკეთესო ინტერესებში უნდა იყოს ამ საკითხებში სამაგალითო გამჭვირვალობა, მაგრამ დღეს ეს არ ხდება არც ეკლესიის კეთილი ნებით და არც სახელმწიფოს სუვერენული უფლებამოსილების განხორციელებით.

რაც შეეხება უმცირესობებს: 1. დაცვა. განსხვავებული ორიენტაციის გამო ვინმეს დევნას, შევიწროვებას ან დისკრიმინაციას ვგმობთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. სახელმწიფომ უნდა გაატაროს თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკა არა მხოლოდ შესაბამის დამნაშავეთა დასასჯელად და მსხვერპლთა დასაცავად, არამედ მსგავსი მოპყრობის დაუშვებლობისადმი საზოგადოებრივი კლიმატის შესაქმნელად. 2. ქორწინება. ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას „ლელო“ მხარს არ უჭერს, ისევე, როგორც ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ. შესაძლოა, ამის გამო ვიღაცის თვალში ძველმოდურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ავიტანთ და უნდა აგვიტანონ ყოველგვარი „ფობიობანას“ გარეშე“, - წერს უსუფაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო