მაია ბუწაშვილი - ტურისტებმა უნდა დაიწყონ შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, სადაც კოვიდ 19-ის შემთხვევები მკვეთრადაა შემცირებული და არა იმ ქვეყნებიდან, სადაც აღმავალი ეპიდემია აქვთ

კარგია, რომ შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველაფრისგან გავთავისუფლდით და ვუბრუნდებით სრულიად კორონავირუსამდელ რეჟიმს, - ამის შესახებ ექიმმა-ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზღვრების გახსნა კრიტიკული ნაბიჯია და დიდი სიფრთხილეა საჭირო.

„ჩვენ ახლა გადამწყვეტი მომენტი გვრჩება საზღვრების გახსნა, რომელიც კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯი იქნება, თუმცა ეს ნაბიჯი გადასადგმელია დიდი სიფრთხილით და ქვეყნების ჩამონათვლის გაფილტვრით. ტურისტების შემოსვლა იქნება კიდევ ერთი სერიოზული რისკის შემცველი იმიტომ, რომ რეალურად ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანაში დიდი პრობლემაა კორონავირუსის მხრივ, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რუსეთსა და სომხეთში. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ის ილუზია, რომ ყველაფერი დავასრულეთ მშვიდობიანად. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ინფიცირებული ტურისტები ქვეყანაში შემოვლენ, რა თქმა უნდა, ინფიცირების აღმავლობის რისკი იქნება. მთელი რიგი ღონისძიებები, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ლაპარაკობს, აუცილებლად გასატარებელია. პირველ რიგში, გაფილტრონ, რომელი ქვეყნებიდან შემოვლენ ტურისტები და რომლიდან არა. ტურისტებმა უნდა დაიწყონ შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, სადაც კონტოლირებადი ეპიდემია აქვთ და შემთხვევები მკვეთრადაა შემცირებული და არა იმ ქვეყნებიდან, სადაც აღმავალი ეპიდემია აქვთ. ასევე, ლაპარაკია „კოვიდ პასპორტზე“ - დოკუმენტზე, რომელშიც იქნება დაფიქსირებული პაციენტის გამოკვლევის შედეგი ბოლო 48 ან 72 საათში. აქაც პრობლემაა, თუ რომელი ქვეყნის დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი იმიტომ, რომ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის ქვეყანა იქნება, სადაც ლაბორატორიული გამოკვლევები სანდოდ კეთდება და ეს დოკუმენტი ნამდვილად ლეგიტიმური იქნება. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საზღვარზე შემოსვლისას ჩატარდეს გამოკვლევა, ეს ძალიან მოუხერხებელია, ვინაიდან პასუხს დასჭირდება რამდენიმე საათი და ტურისტის დაყოვნება და სივრცეების მოწყობა ლოჯისტიკურად ძალიან გართულდება, ალბათ უფრო მოხერხებული იქნება შემოტანილი დოკუმენტის ნდობა“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ექიმის განცხადებით, ასევე სერიოზულ პრობლემებს შექმნის გრიპის სეზონზე კორონავირუსისა და გრიპის ვირუსის თანხვედრა.

„რისკი არსებობს გრიპის სეზონთან დაკავშირებით. თუ გრიპის და კორონავირუსის თანხვედრა მოხდა, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის როგორც ინდივიდუალურად თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით, ასევე ჯანდაცვის სისტემისთვის. გრიპი ისედაც მძიმე ტვირთია, ყველა სეზონზე იწვევს ბევრი ადამიანის ავადობას და თუ მოხდა თანხვედრა ამ ორი ინფექციის, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის. აქვე თადარიგი უნდა დავიჭიროთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მინიმუმ პროფილაქტიკა მაინც გავაკეთოთ გრიპის და ოქტომბრიდან დავიწყოთ აცრა“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე