ეკა ბესელიას კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ იუსტიციის საბჭოს მოქმედი ან ყოფილი წევრის არჩევა, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წელი არაა გასული, კანონით დაუშვებელი უნდა იყოს

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრის ან საბჭოს იმ ყოფილი წევრის არჩევა, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წელი არ არის გასული, კანონით დაუშვებელი უნდა გახდეს. „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს კონკურსს. შესაბამისად, კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს კონკურსში მონაწილე პირის შესაბამისობას კანონის მინიმალურ მოთხოვნებთან. აღნიშნული მინიმალური მოთხოვნებია: ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და სპეციალობით, მუშაობის სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილებით, უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და არ იყოს ნასამართლევი.

ამასთან, საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების დროს მხედველობაში უნდა მიიღოს მოსამართლე იყო თუ არა იმ საქმის განმხილველი მოსამართლე:

რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა.

პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, კონკურსის ყველა მონაწილის სიას და თითოეული მონაწილის მიერ წარდგენილი აპლიკაცია ქვეყნდება აქვეყნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის მიმართ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის დროს მხედველობაში იღებს გენდერული ბალანსის დაცვას.

კონკურსის იმ მონაწილისთვის, რომელსაც ეთქვა უარი, გათვალისწინებულია გასაჩივრების მექანიზმი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევას პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის თანახმად, პროცესი შემდეგნაირად წარიმართება:

იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ ყველა კანდიდატს, მათ შორის, იმ კანდიდატებსაც, რომელთაც მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.

კანონპროექტით განსაზღვრულია პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესიც. კერძოდ, ცვლილებების პროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. საბჭო უფლებამოსილია, წარადგინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკვე არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანონით განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის (28 მოსამართლის), სულ მცირე, სამი მეოთხედი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

კანონპროექტის ინიციატორი, დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებების მიღება შექმნის საკანონმდებლო საფუძველს იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე არჩეულ იქნენ ის კანდიდატები, ვინც აკმაყოფილებენ კონსტიტუციით და ორგანული კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

„მოსალოდნელი შედეგი არის არჩევის პროცედურის წარმართვა იმ სახით, რომ იწვევდეს საზოგადოების მაქსიმალურ ნდობას და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდეს სასამართლოს ავტორიტეტს,"- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს