ეკა ბესელია - რეგლამენტში ცვლილებებით, უქმდება ის კვოტა, რომელიც აფხაზეთის და აჭარის წარმომადგენლებს აქვთ, რომ პარლამენტის სპიკერატში თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ

რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტში აშკარად ჩანს, რომ პარლამენტში ოპოზიციის როლი სუსტდება და ამ დასუსტებულ ნაწილში კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს დამოუკიდებელი დეპუტატების როლის დაკნინება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

ბესელიას შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით საპარლამენტო ოპოზიციას უწესდება ხელოვნური ბარიერები, რათა მათ საპარლამენტო ტრიბუნა არ გამოიყენონ ეფექტიანად.

„რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს ნეგატიურად ვაფასებთ მეც, ჩემი რამდენიმე კოლეგაც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც და იმედია, სხვა დეპუტატებიც კარგად გაიაზრებენ ამ ცვლილებების შინაარსის ნეგატიურ მხარეს. ეს ცვლილებები სცდება კონსტიტუციასთან შესაბამისობის ფარგლებს. აშკარად ჩანს, რომ პარლამენტში ოპოზიციის როლი სუსტდება და ასევე, ამ დასუსტებულ ნაწილში კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს დამოუკიდებელი დეპუტატების როლის დაკნინება, რაც ისედაც პრობლემაა მოქმედი კანონმდებლობით. დამოუკიდებელი დეპუტატების გამოსვლის დრო ისედაც მცირეა და ამ ცვლილებებით კიდევ უფრო მცირდება. ასევე, იზღუდება ფრაქციების შექმნის შესაძლებლობა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც შეიძლება პარლამენტში მოხვდნენ როგორც საინიციატივო ჯგუფის სახელით წარდგენილი დეპუტატები და ასევე, სხვადასხვა პარტიის სახელით შემოსული დეპუტატებისთვის ფრაქციის შექმნა იქნება შეუძლებელი. იგი მხოლოდ ერთი პარტიის მიერ არჩეული დეპუტატებით კომპლექტდება. ეს ხელს უშლის ფრაქციებად ჩამოყალიბებას, ანუ პოლიტიკური ჯგუფების გამსხვილება - გაჩენას პარლამენტში და ეს აბსოლუტურად უსამართლოა, ამას კონსტიტუცია არ ამბობს. ასეთი შეზღუდვები არის ხელოვნური ბარიერების აღმართვა პარლამენტის წევრებისთვის, რომ მათ საპარლამენტო ტრიბუნა არ გამოიყენონ ეფექტიანად. ასევე, დამოუკიდებელ დეპუტატებს ერთმევათ შესაძლებლობა, რომ საპროკურორო საბჭოში აირჩიონ წევრი ისე, რომ მას უმრავლესობის თანხმობა არ სჭირდებოდეს, როგორც დღეს არის; ასევე ერთმევათ შესაძლებლობა სამეურვეო საბჭოს კანდიდატი დაასახელონ,“ - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ცვლილებების პროექტში არის კიდევ ერთი პოლიტიკური საკითხი, რომლის თანახმად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლებს ერთმევათ საშუალება, რომ მათ პარლამენტის სპიკერატში თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ.

„ასევე, არის ერთი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ამ პროექტის ინიციატორებს, როგორც ჩანს, კარგად გააზრებული არ აქვთ, უქმდება ის კვოტა, რომელიც აქვს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლებს, რომ მათ პარლამენტის სპიკერატში ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენელი. ამ გაუქმების უკან დგას მნიშვნელოვანი პოლიტიკური საფრთხე. არ შეიძლება ასეთი გაუაზრებელი პოლიტიკურად მოუმწიფებელი საკითხების ასეთ ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტა,“ - აღნიშნა მან.

ეკა ბესელია დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ წარმოდგენილ კანონპროექტს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შესაძლოა, 9-დან 3-მდე შემცირდეს. ამის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტშია აღნიშნული. კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე კვლავ პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევა. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოადგილეს, ერთი მათგანი აირჩევა საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, ხოლო მეორე - ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციის წარდგინებით, რომელშიც ყველაზე მეტი წევრია გაერთიანებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო