საია - მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციულია

მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციულია და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სახელმწიფო ტყის გადაცემის შესაძლებლობა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დისკრიმინაციული ხასიათისაა სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დამატებითი ფინანსური და ქონებრივი გარანტიების მინიჭება სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

„საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 22 მაისს მხარი დაუჭირა საქართველოს ტყის კოდექსის მიღებას, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს ტყის კოდექსში განისაზღვრა ტყის მართვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები, ასევე შეიქმნა მისი აღსრულების მექანიზმი.

საქართველოს ტყის კოდექსით საქართველოს ტყე აღიარებულია, როგორც „ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი“ და კოდექსის მიზანია „ტყის რესურსებისა და სხვა ბუნებრივი პოტენციალის მიზნობრივი და რაციონალური გამოყენება.“ ტყის მდგრადი მართვის პრინციპების თანახმად, „ტყის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება უნდა ეფუძნებოდეს ტყის მდგრად მართვას. ტყით საერთო სარგებლობის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტყის ყველასთვის ხელმისაწვდომობა.“

რეფორმის ფარგლებში, ტყის მდგრადი მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან გარანტიად განისაზღვრა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ტყის იმ სახელმწიფო ქონების ჩამონათვალში დამატება, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, რაც პასუხობს სახელმწიფო ტყის საზოგადოებრივი ინტერესებისათვის მართვის პრინციპს. თუმცა, ამავე კანონით დადგინდა გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები - თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტარისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით მიჩენილი ტერიტორიები.“ აღნიშნული ნორმა ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ტყის გადაცემასთან დაკავშირებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევა ეწინააღმდეგება საქართველოს ტყის კოდექსით დადგენილ მიზანსა და ტყის მართვის ძირითად პრინციპებს, რადგან ვერ უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, ტყის რესურსის რაციონალურ გამოყენებასა და, მეორეს მხრივ, საზოგადოების, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ტყის თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ტყის გადაცემა ხდება არა საერთო საზოგადოებრივი, არამედ კონკრეტული რელიგიური გაერთიანების კერძო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, აზრს უკარგავს ამავე კოდექსით სახელმწიფო ტყის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივ რესურსად აღიარებას.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ტყის გადაცემის შესაძლებლობა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დისკრიმინაციული ხასიათისაა სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დამატებითი ფინანსური და ქონებრივი გარანტიების მინიჭება სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებდა სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „გასაჩივრებული დებულებით განსაზღვრული დიფერენცირება არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას და არ გამომდინარეობს საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ კონსტიტუციის მე-9 მუხლის დებულებიდან. სადავო ნორმას არ გააჩნია რაციონალური კავშირი მოპასუხე მხარის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან (სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის კონსტიტუციური პრინციპის რეალიზება), იგი აწესებს განსხვავებულ მოპყრობას რელიგიური ნიშნით, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი, ობიექტური და გონივრული გამართლება.“ მიგვაჩნია, რომ არსებული გამონაკლისი შემთხვევა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ თანასწორობის სტანდარტებს და წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა