ეკა ბესელია - ვფიქრობ, ვაკვირდები პროცესებს და არ გამოვრიცხავ, მათ შორის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას

ვფიქრობ, ვაკვირდები პროცესებს და არ გამოვრიცხავ, მათ შორის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. ბესელიას თქმით, მას საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, თუმცა შესაძლოა მან, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კენჭი თბილისში იყაროს.

ამასთან, ბესელია არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილის მიდგომას, რომელთა განცხადებით, სამაჟორიტარო ოლქები კვოტებით უნდა განაწილდეს. ბესელიას თქმით, მნიშვნელობა აქვს არა მოსახლეობის მიერ ამა თუ იმ პარტიისადმი მხარდაჭერის ხარისხს, არამედ იმ კანდიდატის სიძლიერეს, რომელიც ამა თუ იმ ოლქში იქნება წარდგენილი.

„მე არ მიმაჩნია, რომ სამაჟორიტარო ოლქების კვოტებით განაწილების პრინციპი სწორია. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას იმიტომ, რომ მაჟორიტარული არჩევნების მთავარი პრინციპი არის არა ის, რომელ პარტიას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში, არამედ, კანდიდატი რამდენად არის ძლიერი და მისაღები. როცა საუბარია კონსენსუსზე, გარკვეული შეთანხმების გზით პროცესის წარმართვაზე, აქ მნიშვნელოვანია, ვინ შეიძლება იყოს უკეთესი კანდიდატი და არა ის სქემა, რომ ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომ კვოტები გავანაწილოთ პარტიებმა. კვოტები გაინაწილონ პროპორციულ სიასა და ბლოკებში, თუ უნდათ. ასეთი მიდგომა პრინციპულად არასწორი მგონია და არ ჩავერთვები ასეთ დიალოგში, სადაც საუბარია კვოტებით განაწილებაზე. მნიშვნელოვანი არის სახელი და გვარი, ვინ შეიძლება იყოს უკეთესი კანდიდატი. რაც ეხება ჩემს გადაწყვეტილებას, არ ვჩქარობ, მაგრამ ვფიქრობ, ვაკვირდები პროცესებს და არ გამოვრიცხავ, მათ შორის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას. მიმაჩნია, ეს, განსაკუთრებით ახალი პარტიებისთვის, არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მეტი ამომრჩევლის მობილიზება მოვახერხოთ საარჩევნო დღეს. ვფიქრობ და არ ვჩქარობ, თუმცა იმ დისკუსიაში არ ჩავერთვები, ვინც კვოტებით აპირებს განაწილებას. გადაწყვეტილი არ მაქვს, ვფიქრობ თბილისზე“, - განაცხადა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა