ანრი ოხანაშვილი - თუ ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლია, არ დაჯარიმდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლია, არ დაჯარიმდება. როგორც ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, ამისათვის შესაბამისი წესები და რეკომენდაციები სავარაუდოდ ამ კვირაშივე შემუშავდება.

ამასთან, მისივე განმარტებით, პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო არ არის, პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ, საჯარო სივრცეში თავშეყრისას, თუ პირი ამ წესს არ დაიცავს გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა.

„გთავაზობთ, პირბადის ტარების წესის დარღვევა დახურულ საჯარო სივრცეში განვსაზღვროთ არა 50 ლარით, არამედ 20 ლარით. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული წესით, რომ პირბადის არმოქნე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იყოს. ანუ თუ იურიდიული პირი ვერ ან არ გააკონტროლებს და დაუშვებს პირს პირბადის გარეშე, მას დაეკისროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ესეც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იქ, სადაც სერვისის მიღება ხდება, ეს იქნება - ბანკები, სავაჭრო ქსელები, თუ სხვა და ეს არის საჯარო დახურული სივრცე, მოქალაქეები ვალდებულები არიან, ატარონ პირბადე. აქ, გამონაკლისი არავისზე არ იქნება. რა თქმა უნდა, ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ძალუძს პირბადის ტარება, ან პირბადის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, თუ ჯანმრთელობის სხვა რაიმე გართულებები, აქ სამართალი ტოვებს სივრცეს იმისათვის, რომ ასეთი პირი არ დაჯარიმდეს. ამისათვის შესაბამისი წესები და რეკომენდაციები, სავარაუდოდ, ამ კვირაშივე შემუშავდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გაიწეროს და დარეგულირდეს ეს საკითხები. ამიტომ, ეს არავის უნდა დააწყვეს მძიმე ტვირთად და გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი შესაძლებლობა, რომ თუ დამატებითი საფრთხე შეიძლება შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა იყოს სხვა ისეთი ტიპის რეგულაცია, რომ ერთი მხრივ, არც დაჯარიმდეს მოქალაქე და მეორე მხრივ, არ შეეზღუდოს არც მიმოსვლის თავისუფლება და არც შესაბამისი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა