ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი პოლიტპატიმარი ჩვენი მთავრობის დროს არ ყოფილა, არ არსებობს და არც იარსებებს, ვინაიდან, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის მიდგომა ყველასთვის არის ცხადი

არავითარი პოლიტპატიმარი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მთავრობის დროს არ ყოფილა, არ არსებობს და არც იარსებებს, ვინაიდან, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის მიდგომა ყველასთვის არის გასაგები და ცხადი , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე ბრუტალური და არაჰუმანური დანაშაულებრივი რეჟიმი 2004-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში იყო, როდესაც ქვეყანას ასეულობით პოლიტპატიმარი ჰყავდა.

„მის დროს იყო რამდენიმე ასეული პოლიტპატიმარი. სხვათა შორის, არ მახსენდება კონგრესმენებისა და სენატორების, თუ სხვა მათთან მეგობრობაში მხილებული ადამიანების განცხადებები და კრიტიკული შეფასებები იგივე სააკაშვილის მიმართ, იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რასაც ის აკეთებდა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. რაც შეეხება ბრალდებებს, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, თუმცა ჩვენ ყველა ამ კირიტიკას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი არ შეუწყალებია, რადგან მათ პოლიტპატიმრებად არ აღიარებს.

„ხელისუფლებამ არ შეიწყლა. ოფიციალურად პრეზიდენტმა შეიწყალა ეს პირები. ჩვენი მთავრობის პოზიციაა და მეც მთავრობის წევრი ვარ, რომ არ ვაღიარებთ მათ პოლიტპატიმრებად. შესაბამისად, ჩვენ მათ არ შევიწყალებთ არასდროს. პრეზიდენტმა გადადგა ეს ნაბიჯი, რომელმაც გაითვალისწინა სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, არჩევნების წელი და ა.შ. და გადადგა სახელმწიფოებრივად, ალბათ, სწორი ნაბიჯი, მისი გადმოსახედიდან, რომელიც იქნა დადებითად აღქმული და შეფასებული ჩვენი თანამეგობრობის და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ამ კონკრეტული სუბიექტების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა