საქართველოს მთავრობასთან და UNFPA-სთან თანამშრომლობით „ბოდი შოპი“ ადრეული ქორწინების პრევენციისთვის მუშაობაში ჩაერთვება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და კომპანია „ბოდი შოპს“ შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, „ბოდი შოპი“ ადრეული ქორწინების პრევენციისთვის მუშაობაში ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია მოზარდი გოგოებისთვის სპეციალურ სტიპენდიებს გამოყოფს, რომლებიც იდგნენ ან დგანან ადრეული ქორწინების რისკის ქვეშ. შეხვედრას, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს შორის 2020 წლის 8 ივნისს შედგა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, „ბოდი შოპ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ირინა ადეიშვილი და „ბოდი შოპ საქართველოს“ გენერალური მენეჯერი ქეთი კოზმანაშვილი ესწრებოდნენ.

„მოხარულნი ვართ, რომ პასუხისმგებლიანი ბიზნესისა და სოციალური პასუხისმგელობის ფარგლებში, ქალთა უფლებების დაცვას ორგანიზაცია „ბოდი შოპი“ უერთდება. გაეროს მოსახლეობის ფონდისა და „ბოდი შოპთან“ თანამშრომლობით ჩვენ უკვე გავერთიანდით COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად. ამჯერად კი ვიწყებთ ახალ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშობის ასაკში ქორწინების პრევენციას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით. წლების განმავლობაში საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, სახელმწიფო ატარებდა რეგულარულ ღონისძიებებს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისათვის და აძლიერებდა მასზე რეაგირების მექანიზმებს. თუმცა, მანამ სანამ ერთი ბავშვი მაინც იქნება ბავშვობის ასაკში ქორწინების რისკის ქვეშ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. იმედი მაქვს, გაეროს მოსახლეობის ფონდთან და „ბოდი შოპთან“ თანამშრომლობით, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ“ ,- განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლელა ბაქრაძის თქმით, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი აქტიურად თანამშრომლობს „ბოდი შოპთან“, როგორც კომპანიასთან, რომელიც ღიად უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობასა და ქალებისა და გოგონების გაძლიერებას.

„რადგან ბავშვობის ასაკში, ადრეული და იძულებითი ქორწინების პრევენციისა და აღმოფხვრის ადვოკატირება ჩვენთვის უკვე მრავალი წელია პრიორიტეტს წარმოადგენს, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი პარტნიორების გაერთიანება და რესურსების მაქსიმალური მობილიზება ამ საკითხის გარშემო, რათა ყველა მოზარდ გოგონას მიეცეს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა, ხოლო საზოგადოებამ არ დაკარგოს უმნიშვნელოვანესი ადამიანური რესურსი მათი სახით“, - განაცხადა ლელა ბაქრაძემ.

ამასთანავე, „ბოდი შოპ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ირინა ადეიშვილმა განაცხადა, რომ მათთვის როგორც ბრენდისთვის, რომელიც ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება ქალთა უფლებების დამცველად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ადრეული ქორწინების პრევენციისთვის. ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რომელიც გენდერულად განპირობებული ფენომენია, 20-24 წლის ქალების 13.9 პროცენტი 18 წლამდე დაქორწინდა მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 0.5 პროცენტია. ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება მძიმედ აისახება როგორც გოგონების, ასევე ბიჭების ცხოვრებაზე, თუმცა განსაკუთრებულად მავნე გავლენას გოგონებზე ახდენს, რომლებსაც ეზღუდებათ უფლებების განხორციელების და საკუთარი პოტენციალის სრულად განვითარების შესაძლებლობა. ამ კომპლექსურ პრობლემასთან ბრძოლაში შედეგის მიღწევა მხოლოდ მრავალსექტორული მიდგომით არის შესაძლებელი სოციალური ნორმების ცვლილებებისა და მოზარდების განვითარებისა და გაძლიერების გზით.

ინიციატივა, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და „ბოდი შოპის“ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით განხორციელდება, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოზარდი გოგონების ეკონომიკურ გაძლიერებას და იმას, რომ საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ“, - აღნიშნა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს