მამუკა მდინარაძე - ჩვენი ოპონენტები, რომლებიც რადიკალურ ვერსიებს მიყვებიან ხოლმე, დასვამენ კითხვებს, დაკავდებიან სპეკულაციებითაც, სხვა მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვიყოთ მართლები

ჩვენი ოპონენტები, რომლებიც რადიკალურ ვერსიებს მიყვებიან ხოლმე, დასვამენ კითხვებს, დაკავდებიან სპეკულაციებითაც, სხვაგვარი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვიყოთ მართლები და უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი პროკურატურამაც წარმატებით შეასრულოსა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას იმის თაობაზე, ხომ არ იყო აშშ- ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ირაკლი შოთაძესთან გაკეთებული განცხადება ერთგვარი გაფრთხილება აშშ- ის მხრიდან, რადგან ეს ოპოზიციამ სწორედ ასე გაიგო.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, პროკურატურის როლი იქნება მნიშვნელოვანი, თუ არჩევნების დროს გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რომელიც პროკურატურის კომპეტენცია იქნება. რაც შეეხება ოპოზიციას, მდინარაძის თქმით, „ერთია როგორ იგებს კონკრეტულ მესიჯებს ოპოზიცია და მეორეა, რა ხდება სინამდვილეში."

„სინამდვილეში ხდება ის, რომ ნებისმიერი რგოლი, ეს იქნება პროკურატურა თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი, თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს, რადგან წინ გვაქვს ძალიან სერიოზული არჩევნები, სადაც იქნება ბევრი სპეკულაცია, ბევრი დარღვევის მცდელობა, რისი პრევენციაც უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად და პროკურატურის როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი, საქმე გვექნება ისეთ დარღვევასთან, რომელიც პროკურატურის კომპეტენციაში იქნება, ბუნებრივია, ამ რგოლმაც უნდა იმუშავოს ეფექტიანად, რომ კითხვის ნიშნები იყოს ნაკლები ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. როგორც კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს „გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ მომავალ არჩევნებში მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით". „ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“, -განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს