საქართველოს პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით (84 მომხრე) დაამტკიცა.

წარმოდგენილი რედაქციით, ახლებურად განისაზღვრება პარლამენტში ფრაქციების შექმნის პრინციპი. კერძოდ, პარლამენტში ფრაქციის შექმნის უფლება, ნაცვლად პარლამენტის 6 წევრისა, 7 წევრს ექნება. ასევე, პარლამენტის ფრაქცია პოლიტიკური პარტიის ეკვივალენტი ხდება. უფრო კონკრეტულად, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ამასთანავე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელი იქნება.

კანონპროექტის თანახმად, იცვლება ფრაქციის თანამდებობის პირთა წრე და მათი რაოდენობაც. კერძოდ, ფრაქციის ხელმძღვანელი კვლავინდებურად იქნება ფრაქციის თავმჯდომარე, ხოლო მისი მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ფრაქციის წევრთა რაოდენობის შესაბამისად. რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ფრაქციის ყოველ 15 წევრზე, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 1 მოადგილე, ხოლო თუ მას ჰყავს ერთზე მეტი მოადგილე, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს პირველი მოადგილის სტატუსი. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით უქმდება ფრაქციის მდივნის თანამდებობა.

გარდა ამისა, ცვლილებების პროექტის თანახმად, უქმდება საპარლამენტო უმცირესობა და ხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია, რომელსაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით განახორციელებს პარლამენტის ბიურო. ამ ცვლილების შესაბამისად, პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. პარლამენტის ის წევრი, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ იქნება გაწევრიანებული, დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, უფრაქციო პარლამენტის წევრად იწოდება.

შემოთავაზებული ცვლილებებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის რაოდენობა 9-დან 3-მდე მცირდება.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე კვლავ პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევა. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოადგილეს, ერთი მათგანი აირჩევა საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, ხოლო მეორე - ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციის წარდგინებით, რომელშიც ყველაზე მეტი წევრია გაერთიანებული. თუკი ოპოზიციურ ფრაქციებში წევრების თანაბარი რაოდენობა იქნება, მაშინ უპირატესობა მიენიჭება ფრაქციას, რომლის პარტიამაც არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.

გარდა ამისა, შესაძლოა შეიცვალოს საპარლამენტო თანამდებობის კლასიფიკაციაც. რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღარ წარმოადგენს საპარლამენტო თანამდებობას, ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ვინაიდან საპარლამენტო უმცირესობა უქმდება. საპარლამენტო თანამდებობას აღარ წარმოადგენს ასევე დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეობა. რაც შეეხება ახალ საპარლამენტო თანამდებობებს, ესენია: ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე (არსებობის შემთხვევაში).

ცვლილებები ეხება ასევე პოლიტიკური დებატების დროს გამომსვლელი სუბიექტებისთვის დროის განაწილების წესს. კერძოდ, ფრაქციებს მიეცემათ იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც იქნება შესაბამის ფრაქციაში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა. უფრაქციო პარლამენტის წევრებს მიეცემათ 3-3 წუთი. ამასთან, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუთმონ მათი გამოსვლისათვის გამოყოფილი დრო იმგვარად, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის ხანგრძლივობა ჯამში არ აღემატებოდეს 15 წუთს. ფრაქციაზე და უფრაქციო პარლამენტის წევრებზე გამოსაყოფი დრო იდენტური პრინციპით გადანაწილდება პლენარულ სხდომაზე (პირველი და მეორე მოსმენით) კანონპროექტის განხილვის პროცედურაზეც.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო