რა სიახლეები დახვდებათ ამომრჩევლებს უბნებზე და როგორ ჩატარდება არჩევნები პანდემიის პირობებში?

2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს უბნებზე სიახლეები დახვდებათ. კომისიის წევრებს, ამომრჩევლებს, დამკვირვებლებსა და მედიას პირბადეების და დამცავი საშუალებების გარეშე უბანზე მუშაობის უფლება არ ექნებათ.

როგორ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია კორონავირუსის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ესაუბრა.

- ზოგადი სიტუაციის შეფასებით დავიწყოთ - წელს კორონავირუსის პანდემიის პირობებში გვიწევს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. რა სიახლეები დახვდებათ ამომრჩევლებს უბნებზე?

- ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი არჩევნები, ვინაიდან ამ არჩევნებზე განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის წამომადგენლობა. ცხადია, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ არჩევნებსაც ძალიან მომზადებული ხვდება. ჩვენ ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ 2020 წლის არჩევნებისთვის მომზადება. ჩატარებული გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაო, თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ამ არჩევნებზე ცესკოს წინაშე დადგა, პანდემია გახლავთ და ის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რომელმაც გადაავადა ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობები, მაგალითად, როგორიც არის ახალგაზრდების განათლება და ჩართულობის ხელშეწყობა არჩევნებში, ასევე ზოგადად მოქალაქეების მომზადება საარჩევნო პროცესისთვის. აქ იგულისხმება ის ტრენინგები და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ამ ყველაფერმა სამწუხაროდ, გაზაფხულის ნაცვლად ზაფხულის პერიოდისთვის გადაიწია. შესაბამისად, ძალიან ინტენსიური შრომის გაწევა მოგვიწევს უფრო მოკლე პერიოდში, ვიდრე ეს შეგვეძლო მთელი წლის განმავლობაში გაგვეწია.

- როდის დაიწყება ტრენინგების ჩატარება და კონკრეტულად ვისთვის იქნება ეს განკუთვნილი?

- ზამთარში მოვახერხეთ და გავხსენით ახალგაზრდებისთვის საარჩევნო განვითარების სკოლები პანდემიამდე, თუმცა, ასევე ვგეგმავთ, რომ ზაფხულშიც გავხსნათ ეს სკოლები 25 ლოკაციაზე. დაახლოებით, 500 ახალგაზრდა გვინდა მოვამზადოთ. ისინი მზად იქნებიან ნებისმიერი კუთხით ჩაერთონ საარჩევნო პროცესში, მათ შორის, შეიძლება გახდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიც. ასევე გამოცხადებული გვქონდა ღია კონკურსი ნებისმიერი მოქალაქისთვის კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად პოტენციური წევრებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. 11 ათასი მოქალაქის განცხადება მივიღეთ, რომ მათ გაევლოთ ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიის პროცედურებზე, იგულისხმება საარჩევნო დღის პროცედურები. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ნაცვლად გაზაფხულის თვეებისა, ამ ტრენინგების ჩატარება გვიწევს 15 ივლისიდან.

მანამდე რა მზაობაც არის ცესკოში, ეს გახლავთ კიბერუსაფრთხოებისთვის მომზადება, რომელიც გულისხმობს ამომრჩეველთა მონაცემების, ცესკოში დაცული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის და მათ შორის, ცხადია, არჩევნების დროს შედეგების კიბერუსაფრთხოებას. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული ინსტიტუცია 2020 წლის არჩევნებისთვის და კიბერუსაფრთხოებისთვის. ცხადია, ბევრ დეტალს ვერ გავაჟღერებ, თუმცა, ვიტყვი, რომ გვეხმარება ამერიკელი ხალხი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი. გვექნება უსაფრთხოების გამართული სისტემა და რაც მთავარია საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები იქნებიან მომზადებულები კიბერჰიგიენაზე.

- არჩევნების პერიოდისთვის ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდებიან. რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ამომრჩევლებისთვის, კომისიის წევრებისა და დამკვირვებლებისთვის? რა სიახლეები დაგვხვდება არჩევნების დღეს უბნებზე?

- ცხადია, პრიორიტეტი არის ამომრჩევლის უსაფრთხოება, რაც მაქსიმალურად გარანტირებული უნდა იყოს. ცესკოს ბევრი დისტანციური სერვისი აქვს უკვე განხორციელებული, მათ შორის პილოტურ რეჟიმში, იქნება ეს დამკვირვებელთა დანიშვნა, მედიის წარმომადგენლების აკრედიტაცია, საერთაშორისო დამკვირვებელთა აკრედიტაცია, პოლიტიკური პარტიების დანიშნული წევრების ნომინირება და დანიშვნა, თუ პარტიების წარმომადგენლების ყველა ოლქსა და უბანში დანიშვნა, რისი საერთო რაოდენობაც საბოლოო ჯამში აღემატება 100 ათასზე მეტ ადამიანს და რომელიც ონლაინრეჟიმში ხორციელდება. ამას ემატება კომისიის წევრები, 44 ათასი წევრის ნახევარი, რომლებსაც პარტიები ნიშნავენ, ეს არის მოცულობითი პროცესი, რომლის განხორციელების შესაძლებლობაც ცესკოს გააჩნია და დატესტილიც გვაქვს წინა არჩევნების დროს. ეს მოხდება დისტანციურად ონლაინ რეგისტრაციების მეშვეობით და გამორიცხავს პანდემიის საფრთხეს.

რაც შეეხება არჩევნების დღეს, უბანზე მისულ ამომრჩეველს და კომისიის წევრებს, ცხადია, ეს არის ზუსტად ის გამოწვევა, რომელზეც ცესკო თვეებია ფიქრობს და მუშაობს. შევისწავლეთ სხვადასხვა საერთაშორისო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ დაახლოებით, 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ძალიან განვითარებულმა ქვეყნებმა გადაავადეს არჩევნები, ვინაიდან იყო იმდენად სერიოზული საფრთხე, რომ არჩევნები ვერ ჩატარდა. თუმცა, იყვნენ ქვეყნები, რომლებმაც არ გადადეს და პანდემიის პერიოდში ჩაატარეს, ის ალტერნატიული ღონისძიებები გაატარეს და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვით ჩაატარეს. სამხრეთ კორეა ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, თუმცა, ცხადია, იმ წელს, როდესაც არჩევნები ტარდება ასეთი ალტერნატიული მეთოდების დანერგვა ვერ ხდება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვისკონსის შტატში ძალიან სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზის არჩევნებისთვის, საფოსტო ხმის მიცემაზე გადასულიყვნენ და დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი ბიულეტენის გარეშე დარჩა, რადგან ამის მენეჯმენტი ვერ განახორციელეს. ალტერნატიული მეთოდით არჩევნების ჩატარების საკითხი ერთ წელიწადში და 6 თვეში არ წყდება, ამას პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი, კანონმდებლობა, პილოტები და დანერგვა.

- პანდემიის საფრთხიდან გამომდინარე, ხმის მიცემის ალტერნატიული მეთოდების შეთავაზება ამომრჩევლისთვის საპილოტე რჟიმშიც არ იგეგმება?

- ვერ იქნება, რადგან ამ საკითხზე არც კი დაწყებულა პოლიტიკური დისკუსია, არათუ კონსენსუსსა და საკანონმდებლო გარანტიებზე საუბარი. ეს საკითხი 2020 წლის არჩევნებისთვის არ დგას დღის წესრიგში. თუმცა, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია პანდემიის შემთხვევაში ის რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომელიც ერთი მხრივ, აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და მეორე მხრივ, ქვეყანაში ჩვენს ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის სისტემას. პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ამომრჩეველზე. აქ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე ნაკლებად საფრთხის შემცველია, მათ შორის პანდემიის პირობებში, ამომრჩევლისთვის უბანზე მისვლა, ვინაიდან, ამომრჩეველს არ უწევს 15 წუთზე მეტი კონტაქტის განხორციელება საარჩევნო უბანზე. ჩვენ ვითვლით ხოლმე და ვიცით, რომ ამომრჩეველს სჭირდება დაახლოებით, 5-10 წუთი რომ შევიდეს უბანზე, მოხდეს მისი იდენტიფიცირება და განახორციელოს ხმის მიცემა. შესაბამისად, 15 წუთზე და ნაკლები დროის კონტაქტი არ ითვლება რისკის მქონე კონტაქტად. თუმცა, როდესაც უბანზე რიგი იქნება, უნდა იყოს რეკომენდაცია, რომ დავიცვათ ფიზიკური, სოციალური დისტანცია, მაგრამ შიგნით, უბნებში სამწუხაროდ, სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება. ამის საშუალებას საუბნო კომისიების ინფრასტრუქტურა არ იძლევა. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება პირბადის ტარების მოთხოვნა, რაც ანაცვლებს სოციალურ დისტანციას. მეორე მხრივ, ასევე ვფიქრობთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისია აღჭურვილი უნდა იყოს სადეზინფექციო საშუალებებით და ეს ამომრჩეველსაც შევთავაზოთ. ასევე, თუ ამომრჩეველი თავად არ მოვა უბანზე პირბადით, ჩვენ უნდა შევთავაზოთ პირბადეც. იმისთვის, რომ ამომრჩევლის აქტივობა არ იყოს დაბალი, თავად ვგეგმავთ უზრუნველვყოთ ამომრჩეველთა უსაფრთხოება.

- იქნება თუ არა უბნებზე თერმოსკრინინგი და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს, დამკვირვებელს ან კომისიის წევრს ტემპერატურა დაუფიქსირდება?

- რა საკითხებზეც ახლა ვსაუბრობ, ეს არის ჩვენი მოსაზრება და არც ერთ ამ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მათ შორის, არც თერმოსკრინინგთან დაკავშირებით. როგორც საკითხი დასმულია, მაგრამ იქნება თუ არა თერმოსკრინინგი, ამაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. საკითხის გადაწყვეტა აუცილებლად უნდა მოხდეს კოორდინირებულად, შესაბამის პროფესიონალებთან ერთად. ჩემი პირადი აზრია, რომ შეუძლებელია სიცხის გამო ამომრჩეველს ჩამოვართვათ ხმის მიცემის უფლება. ჩვენ არ ვიცით, რა არის სიცხის მიზეზი და ამის გამო კონსტიტუციურად გარანტირებული ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა იქნება ძალიან რთული საკითხი, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ ამომრჩეველს 5-10 წუთიანი კონტაქტი უწევს უბანზე. ეს საკითხი ჩვენ უნდა გავიაროთ კომისიასთან.

- ანუ სიცხიანი ამომრჩევლებისთვის ცალკე, იზოლირებული სივრცე ხმის მისაცემად არ იქნება?

- დასაზუსტებელია, თუმცა ამ ეტაპზე საუბარი არ არის მათთვის ცალკე, იზოლირებული სივრცის შექმნაზე.

რაც შეეხება კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს, ალბათ, აუცილებლად იქნება გარკვეული თვითრეგულაცია გასაკეთებელი, რომ გადაამოწმონ საკუთარი თავი უბანზე მისვლამდე. ჩვენ მინიმუმ 30 დღით ადრე ვიცით არჩევნებამდე, ვინ არიან კომისიის წევრები და შესაძლებელია მათი დამატებითი გამოკვლევაც.

- მათ შორის PCR ტესტის ჩატარებაც?

- ჩვენ ამაზე შესაბამისი მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. 44 ათასი წევრი გვეყოლება საუბნო საარჩევნო კომისიებში. შესაძლებელია ამ საკითხის განხილვა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიებსაც ჩვენ დავაკისრებთ ვალდებულებას, რომ მაქსიმალურად გააკონტროლონ საკუთარი თავი, მათ შორის არჩევნების დღემდე, რომ არ იყოს რაიმე რისკი, რაც საფრთხის წინაშე დააყენებს ამომრჩევლებს.

- საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქამდეც ხომ არ შემოწმებულხართ კორონავირუსზე?

- საბედნიეროდ, ადმინისტრაციის არც ერთი წარმომადგენელს არ ჰქონია ასეთი რისკი და ბედნიერები ვართ, რომ დაცულები ჯერჯერობით ვართ.

- იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დღეს კომისიის რამდენიმე წევრს დაუფიქსირდება ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რა ხდება და რამდენად შესაძლებელია მათი ჩანაცვლება?

- ძალიან მძიმე სურათზე ვსაუბრობთ და ნამდვილად არ მაქვს ასეთი მოლოდინი. პროცედურულად გიპასუხებთ - 12 წევრია საუბნო საარჩევნო კომისიაში და მინიმუმ 7 წევრით და ნაკლებითაც არის შესაძლებელი საუბნო-საარჩევნო პროცედურების განხორციელება, რომელსაც კანონი ადგენს. შესაძლოა, სხვა მიზეზის გამოც ვერ მოვიდეს კომისიის წევრი, მაგრამ კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ თუკი კომისიის წევრი ვერ გამოცხადდება, მცირდება რეგისტრატორების რაოდენობა, თუ კიდევ აკლია წევრთა რაოდენობა, მოადგილე ითავსებს გარკვეულ უფლებამოსილებას და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი შესაძლებელია პროცედურულად მოგვარდეს.

- საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ხომ არ იქნება კონკრეტული ვალდებულებები შესასრულებელი? თუ მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და ხომ არ ექნებათ სპეციალური ტანსაცმელი მათ?

- საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ჩვენ ვიხილავთ აუცილებლად ხელთათმანების გამოყენების საჭიროებას. მათ უწევთ შეხება კალმებთან, ბიულეტენებთან, კონვერტებთან, რომელთანაც შეხება სხვადასხვა პირებს უწევთ, შესაბამისად, სწორედ ამომრჩევლების უსაფრთხოებისთვის ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ კომისიის წევრებმა ყველა ის პროცედურა, რაც არჩევნების დღეს უნდა ჩატარდეს, სწორედ ხელთათმანით შეასრულონ. რაც შეეხება სპეცეკიპირებას, ასევე ვფიქრობთ, რომ პანდემიის პირობებში დასჭირდებათ პირბადის გამოყენება, დეზინფექტორების გამოყენება. ასევე ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენ უკვე მოვახდინეთ უბნების შესწავლა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რაც უკავშირდება ბუნებრივ ვენტილაციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღემდეც და ალბათ, მომავალშიც დარჩება პირველი ხარისხის რეკომენდაციად, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ბუნებრივი ვენტილაციის მქონე საუბნო საარჩევნო ინფრასტრუქტურის შერჩევა. ძალიან რთული იქნება ბუნებრივი ვენტილაციის გარეშე უსაფრთხოების ნორმები მაღალ დონეზე იყოს დაცული.

- აქედან გამომდინარე შესაძლებელია შეიცვალოს უბნების ადგილმდებარეობა?

- აქამდე 1121 სკოლაში იყო განთავსებული დაახლოებით, 1900-მდე უბანი. ასევე, დაახლოებით, 500-მდე უბანი იყო განთავსებული 400-მდე ბაგა-ბაღში. ჩვენ ამ საკითხში კოორდინაციაში ვართ როგორც თვითმმართველობებთან, ასევე უწყებებთან, რომ იქ, სადაც გვაქვს ძალიან პატარა სივრცეები, ჩვენ ალტერნატივის შემთხვევაში გამოგვიყონ სხვა ფართები. 200-მდე უბანი სტანდარტს ახლა ვერ აკმაყოფილებს. ასევე, არის უბნები, რომელიც მოსაძიებელი გვაქვს. ინფრასტრუქტურის პრობლემა წლებია საარჩევნო კომისიების წინაშე დგას. არაერთ სოფელში პრაქტიკულად შეუძლებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოძებნა კომფორტული უბნის განსათავსებლად. მაგრამ უბნების გაზრდა მე არ მესახება შესაძლებლად, რადგან ინფრასტრუქტურა მწირია. პირიქით, უბნების რაოდენობის შემცირების რეკომენდაციაც კი გვქონდა წინა წლებში, რადგან ინფრასტრუქტურული პრობლემები არ ყოფილიყო. ამას გარდა, დამატებით ადამიანურ რესურსს დავზოგავდით. გარდა ამისა, თბილისში ხშირად გვიწევს უბნის ქირაობა. მაგალითად, ჩუღურეთის რაიონში გვქონდა პრობლემა და უჭირთ სახელმწიფო ორგანოებს და თვითმმართველობებს საკმარისი რაოდენობის უბნებისთვის ფართების გადმოცემა. ჩვენ წელს შესაძლოა, 300 უბნის დაქირავება მოგვიწიოს, რისი ფართებიც მოსაძიებელია. არის შემთხვევები, როდესაც სკოლებსა ან დაწესებულებებში რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, მასაც ვერ გამოვიყენებთ. ეს ცოცხალი პროცესია.

- ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მოწოდების მიუხედავად უსაფრთხოების წესებს არ იცავს, მათ შორის, არ იყენებს პირბადეს. როდესაც საუბრობთ, რომ კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს უბანზე ყოფნისას პირბადის და ხელთათმანის გამოყენების ვალდებულება ექნებათ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაცია არ შესრულდება. შესაძლებელია, რომ ისინი დაჯარიმდნენ?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება და მოგვიწევს ეს კონკრეტული რეგულაციით დავადგინოთ, რომელსაც თავისი სამართლებრივი ფორმა ექნება. თუ ისინი იმ წესს, რომელიც ზემდგომი ორგანოს მიერ დადგინდება, დაარღვევენ, ჯარიმებს რომ არ შევხედოთ, ეს ელემენტარული დისციპლინური გადაცდომა იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ წესი, რომელიც დადგინდება, რომელიმე უბნის კომისიის წევრმა დაარღვიოს. მაქსიმალურად იქნებიან გაფრთხილებული როგორც თავმჯდომარეები, ასევე დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები ამ საკითხს მეთვალყურეობა გაუწიონ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონი ითვალისწინებს ამომრჩევლის იდენტიფიცირებას, როდესაც ის უბანზე შედის, მათ შორის რეგისტრატორთანაც, როდესაც წარადგენს პირადობის მოწმობას, ამ მომენტისთვის, მან აუცილებლად უნდა მოიხსნას ერთი წუთით პირბადე, რომ არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ სანდოობის საკითხი.

- რაც შეეხება დამკვირვებლების რაოდენობას. პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, ხომ არ არის შესაძებელი, რომ უბნებზე მათი რაოდენობა შეიზღუდოს?

- გამოვრიცხავ, რომ შევეხოთ დამკვირვებლების იმ უფლებას, რომლის მიხედვითაც ისინი პროცესს უნდა დააკვირდნენ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ უნდა შევეხოთ გამჭვირვალობის პრინციპს. მე, პირადად ვფიქრობ, რომ შეზღუდვები არ უნდა იყოს, მაგრამ ზოგადი წესები, რომელიც პანდემიის პრევენციისთვის არის გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, დამკვირვებლებმაც უნდა გაიზიარონ, ასევე პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლებმაც.

გავიხსენებ, რომ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე სამსართულიან დგომას ჰქონდა ადგილი. პირველ სართულზე ვგულისხმობ, როდესაც დამკვირვებლები ჩვეულებრივ იდგნენ, მეორე სართული იყო, როდესაც სკამებზე იდგნენ და მესამე სართული, როდესაც პროცესს ფანჯრებზე შემხტარი დამკვირვებლები აკვირდებოდნენ. გვქონდა ასეთი შემთხვევაც. ისეთი შემთხვევაც იყო, როდესაც საინტერესო ფაქტი მოხდა და ყველა მედია ერთდროულად მივიდა, თუმცა შეთანხმდნენ, რომ როტაციის პრინციპით შესულიყვნენ უბანზე. ეს ეთიკის და შეთანხმების საკითხია.

- რამდენად განიხილავთ საკითხს, რომ უბნებზე ამომრჩეველსა და რეგისტრატორებს შორის შუშის ბარიერი განთავდეს?

- ბარიერების და მისაღებების მოწყობას აქტიურად ვგეგმავთ საოლქო საარჩევნო კომისიებში იმიტომ, რომ იქ უფრო ხანგრძლივ პერიოდში უწევთ მოქალაქეებს ურთიერთობა სხვადასხვა მიზნებისთვის. უბნებთან მიმართებაში ასეთი საკითხი ჯერ არ განგვიხილავს, ვინაიდან ამომრჩეველს ძალიან მცირე დროით უწევს კონტაქტი.

- რაც შეეხება საარჩევნო კაბინებს, ხომ არ იგეგმება სხვაგვარად საარჩევნო კაბინების მოწყობა და როგორ იქნება კაბინებში დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები? უსაფრთხოების რა ზომებს მიმართავთ ინვენტართან დაკავშირებით, რომელსაც ამომრჩეველი ეხება, მათ შორის კალმებთან დაკავშირებითაც?

- ჩვენი კაბინა მაქსიმალურად არადახურულია, მხოლოდ ის ნაწილია დაფარული, სადაც ხმის მიცემა ხდება. თან, არსებული კაბინები ადვილად იძლევა ვენტილაციის საშუალებასაც. რაც შეეხება კალამს და ბიულეტენს, ვფიქრობთ, რომ ამომრჩეველი სანამ პროცედურებს გაივლის, ხელის დეზინფექცია ჩაუტარდეს, რომ საგნების შეხებამდე ხელი სუფთა იყოს. ასევე განვიხილავთ რაღაც პერიოდულობით კაბინის და საგნების დეზინფექციაც მოხდეს, მაგრამ არა ყოველი ამომრჩევლის შესვლის შემდეგ. ეს შეუძლებელი იქნება იმ დროში, რა დროშიც ხმის მიცემა უნდა განხორციელდეს.

- ეპიდემიოლოგების მოწოდებაა, ხელები ხშირად დავიმუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით, ამ შემთხვევაში, ხომ არ აპირებთ ლაბორატორიულ კვლევას, რამდენად დაკარგავს ფუნქციას მარკირების სითხე სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების შემთხვევაში? წინა წლებში იყო შემთხვევა, როდესაც უბანზე მისულ ამომრჩეველს მარკირების გავლა დაუფიქსირდა მაშინ, როცა თავად აცხადებდა, რომ მარკირების პროცესი არ გაუვლია და მხოლოდ მანდარინთან ჰქონდა შეხება.

- მეცინება ხოლმე, როდესაც ამ შემთხვევებზე ვსაუბრობთ, რადგან მახსოვს, როგორ ვისვამდით ხელზე ცესკოში მანდარინებს და ფორთოხლებს. ვამოწმებდით, ეს ნამდვილი ინფორმაცია იყო თუ ყალბი. წასმულ მანდარინს ჩვენი ფანრის დანათების შემდეგ ვერ ვხედავდით. რაც შეეხება მარკირების სითხეს, ეს კითხვა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გაგვიჩნდა და საქართველოში წლების განმავლობაშიც ისმებოდა. მარკირება ქვეყანაში შემოვიდა 2003 წლის არჩევნებზე, მას მერე ცდილობდნენ მარკირების ხსნარის წაშლას სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის 100%-იანი სპირტის ხსნარით, ე.წ. აცეტონებით და სხვადასხვა ქიმიური საშუალებებითაც. ამის საჯარო ტესტირებაც კი იყო პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რამდენად შეიძლებოდა წაშლილიყო ის. რა თქმა უნდა, შესაძლებელია საკითხის ლაბორატორიული კვლევა. კვლევის ჩატარებამდე, მე პირადად და ჩემმა თანამშრომლებმა შევამოწმეთ ის დეზინფექციის საშუალებები, რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი ბაზარზე, დავისხით ხელზე, ვშალეთ და ვერ წავშალეთ. თუმცა, ცხადია, სხვადასხვა შემადგენლობის სადეზინფექციო საშუალებები არსებობს და ყველა შემთხვევას გავითვალისწინებთ და გამოვრიცხავთ. ახლა მიმდინარეობს მარკირების ახალი სითხის შეძენა და ამის შემდეგ საჯაროდ ვაჩვენებთ ყველას, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებსაც რამდენად მყარია ეს სითხე. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩემი პირადი მოსაზრებით, ბიომეტრიული რეგისტრაციების, პრაქტიკულად 100%-იანი დაზუსტებული სიის პირობებში მარკირების სითხემ უკვე დაკარგა ის ფუნქცია, რაც თავის დროზე 2003 წელს ჰქონდა და რა მიზნებისთვისაც ის შემოვიდა. რაც ცესკოს თავმჯდომარე ვარ, ერთი საჩივარიც არ მახსოვს მათ შორის პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სიაში რომელიმე პირის ორჯერ-სამჯერ ან მრავალჯერადად ყოფნა გაესაჩივრებინოთ. ერთი ადამიანი რომ ერთხელ არის სიაში, ეს არის გარანტია, რომ მრავალჯერადად ხმის მიცემა გამორიცხულია. როცა მარკირების სითხე შემოვიდა, სწორედ სიების მოუწესრიგებლობა იყო მთავარი პრობლემა. თუმცა, უნდა იყოს თუ არა მარკირება, ეს ისეთი საკითხია, რომლის გადაწყვეტა ჩვენ არ შეგვიძლია. ეს პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და როგორც ვიცი ხსნარის ამოღების მზაობა არ არის. ჩვენ რაც შეგვიძლია არის ის, რომ ჩავატარებთ ყველა პრაქტიკულ ტესტს პროცედურის ისე ჩასატარებლად, როგორც კანონი მოითხოვს. მათ შორის შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევაც.

- საინტერესო საკითხია, როგორ მისცემენ ხმას არჩევნებში კოვიდინფიცირებულები და საკარანტინე ზონებში განთავსებული პირები. მოემსახურებათ თუ არა მათ გადასატანი ყუთი და ხომ არ დარჩება ამომრჩეველთა ეს ნაწილი ხმის მიცემის გარეშე?

- თუკი კარანტინი მიიჩნევა სამკურნალო დაწესებულებად, შეიძლება გადასატანი ყუთის პრინციპის გამოყენება, მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, რადგან კარანტინში მყოფებთან და განსაკუთრებით ბოქსირებულ პალატებში უკვე კოვიდინფიცირებულებთან დაკავშირებით, გამორიცხულია ჩვენ რაიმე გადაწყვეტილება მივიღოთ. იქ სრულად აკრძალულია კონტაქტი ამ ადამიანებთან. საჭიროა სპეციალური ეკიპირებაც. ამავდროულად უნდა ვიფიქროთ ჩვენი კომისიის წევრებზეც, რომელთა უსაფრთხოებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ის საკითხია, რომელიც ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როგორ მოხდება კარანტინში მყოფი პირებისა და კოვიდინფიცირებულთა მიერ ხმის მიცემა. ამაზე ჩვენ კონსულტაციები დაგვჭირდება.

- გამორიცხავთ, რომ ისინი ხმის მიცემის გარეშე დარჩნენ?

- ამ ეტაპზე ვერაფერს გამოვრიცხავ, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუკი სრულად აკრძალული იქნება ბოქსირებულ პალატაში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი, მაშინ მე ვერ წარმომიდგენია იქ კომისია შევუშვათ. საკანონმდებლო ჭრილშიც შეიძლება იყოს ეს საკითხი გადასაწყვეტი. ძალიან რთული, ახალი საკითხია, რომელიც ამ ეტაპზე არ არის კანონმდებლობის ჭრილში განხილული. ეს საკითხი უკვე დავაყენეთ და ვფიქრობთ, საკანონმდებლო ორგანოში ამის განხილვა მოხდება. აქ დიფერენცირების საკითხიც გასარკვევია. მაგალითად, მხარდაჭერის მიმღები პირები, რომლებიც სტაციონარში არიან განთავსებულები, არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ. ამის სიებს ჩვენ გვაწვდის შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და ხდება დიფერენცირება, რადგან არიან მხარდაჭერის მიმღები პირები, ვისაც ასევე შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ვინც სტაციონარში იმყოფება, ის მძიმე ფორმად ითვლება და ამ შემთხვევაში ხმას არ აძლევენ.

- ასევე უნდა გკითხოთ ექიმებთან დაკავშირებითაც, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დროისთვის კლინიკების უმრავლესობას კარანტინი ექნება გამოცხადებული და იქ მომუშავე ექიმებს არ ექნებათ სამედიცინო დაწესებულების დატოვების უფლება? შესაძლებელია კონკრეტული კლინიკებისთვის სპეციალური უბნები ადგილზევე გაიხსნას და სამედიცინო პერსონალს ხმის მიცემის საშუალება მიეცეთ?

- სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი გვაძლევს ინფორმაციას, რა რაოდენობის ამომრჩეველია დაწესებულებაში. თუ არის 50 ან მეტი ამომრჩეველი, იქ უბანი უნდა გაიხსნას. ასევე არის შემთხვევები, როდესაც გადასატანი ყუთი მიდის სამკურნალო დაწესებულებაში და ამ შემთხვევაშიც ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება დაწესებულების ხელმძღვანელს აქვს. ეს ხდება არჩევნებამდე 5-6 დღით ადრე, რომ განისაზღვროს ვის დაჭირდება ხმის მიცემა.

- რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, როგორ უზრუნველყოფთ ამ პროცესის განხორციელებას და ხომ არ არის მოსალოდნელი, გარკვეულ ქვეყნებში უბნებიც საერთოდ ვერ გაიხსნას?

- უსაფრთხოების ყველა ზომას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც დავიცავთ, მათ შორის ჰიგიენური საშუალებების, დეზინფექტორების და ხელთათმანების გამოყენების კუთხით. ამ ყველაფერს გავუგზავნით საუბნო საარჩევნო კომისიებს და ამაში საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად დაგვეხმარება. საზღვარგარეთ ამომრჩევლის აქტივობა გაცილებით დაბალია, 44 ქვეყანაში გავხსენით 61 უბანი წინა არჩევნებზე, საიდანაც 4 ქვეყანაში კომისიაც კი ვერ დავაკომპლექტეთ, იმდენად მცირე იყო ამომრჩეველთა რაოდენობა. საბოლოო ჯამში, 40 ქვეყნის 57 უბანზე ჩავატარეთ 2018 წელს არჩევნები. ამ 57 უბანზე ჯამში მონაწილეობს 7-დან 10 ათასამდე ამომრჩეველი. შესაბამისად, ის მომენტი, რომ საარჩევნო უბნები გადატვირთული იყოს, ნაკლებად მოსალოდენლია.

- თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე რამდენად მოგვცემენ თვითონ ქვეყნები უბნების გახსნის საშუალებას?

- ძალიან რთულია ამ შემთხვევაში წინასწარ განვსაზღვროთ, რომელ ქვეყანაში როგორ იქნება. ქვეყნებს სხვადასხვა სპეციფიკა აღმოაჩნდათ პანდემიის პირობებში, ამიტომ ამ საკითხს ცხადია, ინდივიდუალურად გავივლით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად და კონკრეტული შემთხვევებისთვის ინდივიდუალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

- კიდევ ერთი საკითხი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მოთხოვნას ეხება, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე ტელეფონების შეტანის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ამის მიზეზად კი ე.წ. კოორდინატორებისგან დავალებას ასახელებენ, რომ ამომრჩეველმა ფოტოსურათი გადაუღოს ბიულეტენს, რათა დარწმუნდნენ, რომ ხმა სასურველ კანდიდატს მისცა. რამდენად არის შესაძლებელი, რომ ტელეფონების შეტანა უბანზე აიკრძალოს და ამ კუთხით ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს?

- ეს უფრო არის ამომრჩეველზე ზეგავლენის და კონტროლის საკითხი, რაზეც აუცილებლად გვექნება პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა, მაგრამ ძალიან რთული იქნება საუბნო საარჩევნო კომისიებმა უზრუნველყონ ტელეფონების ჩამორთმევა და მისი შესაბამისი წესით შენახვა. მაშინ ყველა უბანზე უნდა არსებობდეს კარადები ამ ნივთების შესანახად. აქ საკითხი გადის განათლებაზე, რადგან ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლებელია მისი ნების კონტროლი, არავის აქვს უფლება ვინმემ გაამჟღავნოს ვის მისცა ხმა და ამას ვერავინ დაადგენს ფარულობის პრინციპის გათვალისწინებით. ბევრჯერ გვინახავს, როდესაც თვითონ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იღებენ ბიულეტენებს და შემდეგ სოციალურ ქსელში ათავსებენ მას, ამას თუ არ გააკეთებენ, ძალიან კარგ მაგალითს მისცემენ ამომრჩეველსაც.

- რაც შეეხება ბიუჯეტს, რა თანხა არის გამოყოფილი ამისთვის და გაიზარდა თუ არა ბიუჯეტი კორონავირუსის გამო?

- თანხა კორონავირუსის გამო არანაირად არ გაზრდილა. პირიქით, ძალიან მსხვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვთქვით უარი. მაგალითად იგეგმებოდა ახალი, მოდერნიზებული საარჩევნო ყუთების შესყიდვა და ეს პროექტი ვერ განხორციელდა. ასევე ვგეგმავდით სააქტო დარბაზის მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციას, მაგრამ ესეც ვერ განვახორციელეთ, შესაბამისად, ხარჯების დაზოგვა მოგვიწია. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. უშუალო კონტაქტი გვაქვს ჩვენს დონორებთან და ისინი ჰიგიენურ-სანიტარული ზომებისთვის დაეხმარებიან საარჩევნო ადმინისტრაციას. ცესკოს მთლიანი ბიუჯეტი 72 569 700 მილიონი ლარია, არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის კი 32 349 928 ლარია გამოყოფილი. ამის ბიუჯეტები გაკეთებული გვაქვს.

თამთა კაკაურიძე

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო