გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თარაშ კანდელაკს პატიმრობა შეეფარდა

8 ივნისს, ღამით, გორში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დაკავებულ თარაშ კანდელაკს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მიზანშეწონილად ჩათვალა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, თარაშ კანდელაკის ადვოკატები არ იზიარებენ ბრალდების მხარის პოზიციას და სასამართლოს წინაშე არასაპატიმრო პირობების და 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვეს, პარალელურად, დაცვის მხარის შუამდგომლობა მოიცავდა ბრალდებული თარაშ კანდელაკისთვის ისეთი შეზღუდვების დაწესებას, როგორიცაა დაზარალებულთან ან გამოძიებისთვის საინტერესო სხვა პირებთან მიახლოების აკრძალვა, პასპორტის ჩამორთმევა, საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვა, ელექტრონული მონიტორინგი.

დაცვის მხარე მიიჩნევს რომ პატიმრობისთვის საჭირო არგუმენტები ბრალდების მხარეს დღევანდელ სხდომაზე არ წარმოუდგენია.

თარაშ კანდელაკის უფლებებს 5 ადვოკატი იცავს. მათი განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების შესახებ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

ცნობისთვის, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დაშავებულ ახალგაზრდას გორსა და თბილისში ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, გორში, 18 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სასჯელის სახით კი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალისწინებს.

ცნობისთვის, წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო