დავით ზალკალიანი - არაფერი შეუშლის ხელს და ვერ მიაყენებს ჩრდილს უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას

არაფერი არ შეუშლის ხელს და ვერ მიაყენებს ჩრდილს უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროში უკრაინის ელჩი ახსნა-განმარტების გასაკეთებლად მიიწვიეს, იმ განცხადებების გამო, რომელიც უკრაინის მოქალაქემ გააკეთა და რომელიც საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევას გულისხმობდა.

„უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. არაფერი არ შეუშლის ხელს და ვერ მიაყენებს ჩრდილს უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასთან, ისეთ საერთო გამოწვევებთან როგორიცაა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, გაერთიანებულები ვართ მრავალ რეგიონალურ ფორმატში, ამიტომ ეს გზავნილი ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის არის ძალიან მკაფიო. მინდა გითხრათ, რომ მუდმივი კომუნიკაცია მაქვს ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და მუდმივად ვსაუბრობთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც არის აქტუალური საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, პირველი კითხვა, რაც იყო უკრაინის ელჩთან იყო, რომ წარმოედგინა მას დოკუმენტალურად მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის რიგითი მოქალაქე თუ ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

„ჩვენ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი საქართველოში იმისთვის, რომ მას გაეკეთებინა ახსნა-განმარტება უკრაინის მოქალაქის მხრიდან, რომელსაც უკავია საკმაოდ მაღალი თანამდებობა, გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც იყო დაკავშირებული საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევასთან, კერძოდ საარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო პროცესში მის ჩართულობასთან. ჩვენ მოვისმინეთ ელჩის მხრიდან, რომ ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ის საერთოდ საჯარო მოხელეც კი არ არის, ამ დროს, თავდაპირველად, როდესაც სააკაშვილი დაინიშნა ჩვენ ეს ინფორმაცია გვქონდა და თავადაც აცხადებდა, რომ არის დანიშნული საკმაოდ მაღალ პოზიციაზე, რომ ის მანდატი, რაც არის მისთვის მინიჭებული, ითვალისწინებს სერიოზული რეფორმების პროცესში ჩართვას, მოლაპარაკებების გამართვას სავალუტო ფონდთან, ასევე, მსოფლიო ბანკთან და ა.შ. ამიტომ, ბუნებრივია, პირველი კითხვა, რაც უკრაინის ელჩთან იყო, წარმოედგინა მას დოკუმენტალურად თუ რასთან გვაქვს საქმე ანუ ეს არის უკრაინის რიგითი მოქალაქე თუ ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთანავე მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში კონსულტაციებზე იმყოფება თბილისში და ამ პროცესმა, მისი განმარტებით, შესაძლოა, რამოდენიმე კვირას გასტანოს.

„ამავე დროს ბუნებრივია ჩვენ ვართ კავშირზე ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან იმიტომ, რომ აუცილებელია, რომ მსგავსმა გამონათქვამებმა არ მიაყენოს ზიანი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ამაზე არა მარტო საქართველომ, არამედ უკრაინულმა მხარემაც უნდა იზრუნოს, რადგან სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არ უნდა არსებობდეს არანაირი პრობლემური საკითხი,“- განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა