გიორგი ვოლსკი - 2008 წელს რაც მოხდა, ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

რაც მოხდა 2008 წელს, განსაკუთრებით ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში ნებსით თუ უნებლიეთ, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი იღებდა მონაწილეობას, რომელიც დღეს ჭკუას გვარიგებს და რუსულ თემებს აფრიალებს ჰაერში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტებს ადასტურებს არაერთი დოკუმენტი , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს.

გიორგი ვოლსკიმ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა დეპოლიტიზაციის თემას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს მინისტრიც განსაკუთრებით გამოეხმაურა.

„როდესაც ადამიანს აქვს ის პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას მეორე ადამიანი და აცვია სამხედრო ფორმა, ის არ კითხულობს რომელ პარტიას განეკუთვნება ესა თუ ის პიროვნება, მისი შვილი, ან მისი ოჯახის წევრი, და ამითი ის ჩვენზე მაღლა დგას, ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსზე, ვინაიდან მზად არის შესწიროს სიცოცხლე, რათა დაგიცვას შენ, დაიცვას თავისი სამშობლო“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ვერ ხერხდება, ხშირ შემთხვევაში, საერთო ენის გამონახვა, თუნდაც ისეთ საკითხებზე, სადაც საზღვარგარეთ განვითარებულ დემოკრატიებში, ოპოზიცია და უმრავლესობა ჯერდებიან კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ეს თემა არის დაღუპული ჯარისკაცები, ბრძოლის ველზე მიტოვებული ჯარისკაცები.

„ეს არის ერთ-ერთი საგანგებო საკითხი, რომელიც ახასიათებს ჩვენს თანამედროვე ისტორიას და რასაც არა აქვს პატიება. არც არავის უთხოვია პატიება, ბოდიშიც კი არ უთქვამს ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ახალწვეულებისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, რომლებიც შესაძლოა გვიყურებენ დღეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა 2008 წელს ჩვენი ქვეყნისათვის ტრაგიკულად განვითარებული მოვლენები და მისი წინა პერიოდი.

„წინა მოწვევის პარლამენტშიც მითქვამს ამის შესახებ და ამ ტრიბუნიდანაც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: 2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჰქონდათ დამტკიცებული საგზაო რუკა, რომელშიც ჩართული იყო ყველა კომპონენტი. მათ შორის, სამხედრო კომპონენტი არა საბრძოლო მოქმედებების თემაში, არამედ ურთიერთგაგების. ქართული მხრიდან სამშვიდობო ძალებში უნდა ყოფილიყო 500 ადამიანი. ვერ გაზარდეს, არ გაზარდეს, ის მცირე რაოდენობა, რაც იმყოფებოდა სამშვიდობო ძალებში, არ იყო საკმარისი იმისთვის, რათა ძალთა ბალანსი დაემყარებინათ. მიუხედავად ამისა, მოსამსახურეები - რიგითი და ოფიცრები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აჩვენეს უმაღლესი დონე დისციპლინის, პოლიტიკაში გათვითცნობიერებისა და პასუხისმგებლობის. მიუხედავად ამისა, 2006 წლიდან უკვე დაიწყო რღვევა იმ საგზაო რუკის, იმ სტრატეგიული მიმართულებების, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ჩვენი პარტნიორების მიერ,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 2006 წლის ივნისისათვის, 2008 წლის ივნისამდე არანაირი მოლაპარაკება კი არა, ამის მცდელობაც არ ყოფილა, არც სამხედრო კომპონენტის გათვალისწინებით, არც პოლიტიკური და არანაირი მიმართულებით.

„ყველანაირი მიმართულებით შეწყდა საუბარი, ვინაიდან იმ პერიოდში ქვეყნის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ „რუსეთს თურმე არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი, ცხინვალის რეგიონი არის მოყანყალებული კბილი, რომლის ამოღებას სჭირდება რამოდენიმე კვირა და გარანტიას ვიძლევი რომ ამას გავაკეთებ და თურმე ეს თავად რუსებს წამოცდათ“. მე ვციტირებ. 2007 წელს იყო ეს განცხადებები. შემდეგ იყო სააკაშვილის მოგზაურობა იტალიაში, როდესაც მას პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელმა, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული, შესთავაზა იტალიაში გარკვეული დროით დასვენება. წავიდა, ყველას გაუკვირდა, ამაზე არსებობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მასალები, ჩამოვიდა და თქვა, საერთოდ არ აინტერესებს და არა მარტო იმ პერიოდში თქვა, 2008 წლის 7 აგვისტომდე დაჩემებული ჰქონდათ, რომ რუსეთი ამ ბრძოლებში არ მონაწილეობს და თვითონ მოსკოვში გაკვირვებული არიან, რომ რა უნდა კოკოითს, რატომ მიდის ამ პროვოკაციაზეო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, რაც მთავარია, მაშინდელმა ხელისუფლებამ ბედის ანაბარა მიატოვა ჯარისკაცები, ახალწვეულები, სამოქალაქო მოსახლეობა.

„რასაკვირველია, ჯარისკაცებმა თავისი როლი შეასრულეს - სიცოცხლე დადეს, მაგრამ არ გამოიყვანა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იმ ზონიდან, სადაც ეს ბრძოლები მიმდინარეობდა. არ გამოიყვანა და 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა“,- აღნიშნა მან.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ არც გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა, რომ რუსეთი აგრესიას აწარმოებსო. უფრო მეტიც, ხელი მოაწერეს რეზოლუციას უკვე ამ ომის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერში, რომელიც ამბობდა, რომ თურმე საქართველოს ბრალია ის, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო.

„და ყველაფერი ამის ფონზე ბედავენ და ჯარისკაცებს, ოფიცრებს, მათ შორის, არწმუნებენ იმაში, რომ თითქოს და ჰააგის ტრიბუნალი მათ გაასამართლებს, ვინაიდან თურმე ჩვენი ხელისუფლება ამაში ხელს შეუწყობს. დღეს ჰააგის ტრიბუნალში სერიოზული სამართლებრივი დაპირისპირება მიმდინარეობს, იუსტიციის მინისტრს პირადად, მთელ სამინისტროს წლები დასჭირდა იმისათვის, რათა აღმოეჩინა ფიზიკური მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთმა დაბომბა გორი, აღმოაჩინა სადღაც, შემთხვევით. უამრავი სხვა მასალის შეგროვება დაჭირდა ჩვენს ხელისუფლებას, რათა წელგამართული ვიდგეთ დღეს ამ ტრიბუნალში და ვიცავდეთ საქართველოს ინტერესებს. ამიტომ, რაც მოხდა, განსაკუთრებით ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში ნებსით თუ უნებლიეთ, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ღებულობდა მონაწილეობას, რომელიც დღეს ჭკუას გვარიგებს და რუსულ თემებს აფრიალებს ჰაერში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტებს ადასტურებს არაერთი დოკუმენტი და ეს არ არის ჩემი ემოციური გამოსვლის ნაწილი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გია ვოლსკის განცხადებას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა