გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ერთიანი ოპოზიციური სია არარეალიზირებადია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ დღეს როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები (120/30) ერთიანი სია არარეალიზირებადია. უგულავა იმედს გამოთქვამს, რომ მეტი ინტეგრაციის სურვილი, ერთიან მაჟორიტარებზე უკვე მიღწეული ერთობის ჩაშლის მიზეზი არ გახდება.

„ერთიანი სიის იდეა მე მქონდა დაჭერამდე რამდენიმე კვირით ადრე, როცა სისტემა 73/77 რჩებოდა. ყველა ლიდერი ნაწილდებოდა მაჟორიტარულ ოლქებში, სია პირობითი იყო და დგებოდა ალფავიტის მიხედვით. სიაში ადგილს და პარტიულ კვოტებს აზრი არ ქონდა, რადგან ამ ყველაფერს კრავდა და რეალისტურს ხდიდა ის, რომ გამარჯვების შემდეგ რიგგარეშე, უკვე პროპორციული არჩევნები ტარდებოდა. ეს იდეა ბევრი მიზეზის გამო არარეალიზირებადი აღმოჩნდა. სკეპტიკური იყო მათ შორის ენმ-ეც. დღეს როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები (120/30) ერთიანი სია არარეალიზირებადია, მეტიც ერთიანი მაჟორიტარის წარდგენა ერთადერთი რეალისტური და საკმარისი ძალისხმევაა გამარჯვებისთვის. ხოლო ერთიანი სიის იდეას ოპოზიცია კვლავ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიუბრუნდეს თუ 120/30 სისტემა ჩავარდა პარლამენტში. ამასთანავე, იმედი მაქვს მეტი ინტეგრაციის სურვილი არ გახდება ერთიან მაჟორიტარებზე უკვე მიღწეული ერთობის ჩაშლის მიზეზი და საბაბი“, - აცხადებს უგულავა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. „ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს