თენგიზ ცერცვაძე - ჯერჯერობით იმის საჭიროება, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს და რიგი შეზღუდვები დაწესდეს, არ არის, ერთნიშნა რიცხვი, ან 20-მდე შემთხვევა იქნება და უნდა შევეგუოთ

ერთნიშნა რიცხვი ან 20-მდე შემთხვევა იქნება და ამას უნდა შევეგუოთ. დღეს რა სიტუაციაც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის დაბრუნება საჭირო არ არის , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამკაცრება იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ საქართველოში დაფიქსირდა ის, რაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და ჩვენს სამეზობლოში ხდება.

„ჯერჯერობით გამკაცრების საჭიროება იმ თვალსაზრისით, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს და რიგი შეზღუდვები დაწესდეს, არ არის. ერთნიშნა რიცხვი, ან თუნდაც 20-მდე შემთხვევა იქნება და ამას უნდა შევეგუოთ. თუ დაფიქსირდა რაღაც იმის მსგავსი, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, ან შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენს მეზობლად; თუ დავინახეთ, რომ ასეთი რაღაცის რისკია ჩვენთან, მაშინ უნდა გამკაცრდეს ზომები. დღეს რა სიტუაციაც არის, საგანგებო მდგომარეობის დაბრუნება საჭირო არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა არსებული წესები დავიცვათ.

„ახლა სხვა რამეა საჭირო - რა მინიმალური შეზღუდვებიც ახლა არსებობს, რომ პირბადეები ვატაროთ, სოციალური დისტანცირება დავიცვათ და ხალხმრავალ შეკრებებს თავი ავარიდოთ, ეს უნდა დავიცვათ და თუ სიტყვა გამკაცრებას ვიტყვით, სწორედ ეს უნდა გამკაცრდეს, რომ დაცული იყოს არსებული მინიმალური შეზღუდვები და არა ის, რომ "კომენდანტის საათი" დაწესდეს და ქალაქებს შორის მიმოსვლა შეწყდეს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ასევე ნაადრევია საუბარი მეორე ტალღაზე, რადგან ჯერ პირველი არ დასრულებულა. როგორც ცერცვაძე ამბობს, დიდი ალბათობაა იმის, რომ პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს გადაებას და მათ შორის წყვეტა არ იყოს.

„ნუ დავყოფთ ტალღებად, ჯერ მთელს მსოფლიოში პირველი ტალღა გრძელდება. მართალია, დაიკლო შემთხვევებმა, მაგრამ ეს ჩვენთან დაიკლო - საქართველოში და სულ რამდენიმე ქვეყანაა ევროპაში, სადაც შედარებით დაიკლო ინფიცირების მაჩვენებელმა. რომ გადახედოთ მსოფლიო მონაცემებს, მსოფლიოში შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. ეს ყველაფერი პირველი ტალღის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ მთლიანად არ დასრულებულა, ასე რომ, მეორე ტალღაზე ჯერ საუბარი არ შეიძლება. ამაზე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, როცა პირველი მთლიანად დასრულდება, ანუ არ იქნება არც ერთი შემთხვევა და ეს პერიოდი გაგრძელდება გარკვეული პერიოდი, მაგალითად 2 კვირა. ახლანდელი მდგომარეობა უნდა ჩაითვალოს პირველი ტალღის ნარჩენებად, გაგრძელებად. დასუსტდა პირველი ტალღა, თუმცა, გრძელდება. ორი ვარიანტია: ერთი, რომ პირველი ტალღის ნარჩენები თანდათან შემცირდეს და როცა დიდი სიცხეები დაიწყება, დავიდეს იმ დროისთვის მინიმუმამდე. მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, ოქტომბერ-ნოემბერში მეორე ტალღა იქნება თუ არა, უფრო სუსტი იქნება თუ უფრო ძლიერი. მეორე ვარიანტია, რომ პირველი და მეორე ტალღა ისე გადაებას ერთმანეთს, რომ მათ შორის წყვეტა ვერ დავინახოთ, რადგან კორონავირუსს არ აღმოაჩნდა ისეთი სეზონურობა, როგორსაც მოველოდით. საქართველოში კიდევ სეზონურობის გარკვეულ ნიშნებს ამჟღავნებს, სხვაგან არა. ასე რომ, პირველი ტალღის დამთავრებაზე საუბარი არასწორია, შესაძლოა ის დამთავრდეს სადღაც ერთ თვეში და მერე ვიფიქროთ, როგორი იქნება მეორე ტალღა, ჯერ ისეთი პირი უჩანს, რომ პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს გადაებმება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 161-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს შეადგენს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო