შავლეგ მიშველაძე - აპრილსა და მაისში, სამინისტროს მიერ აღებული დიზელისა და ბენზინის საავტომობილო საწვავის სინჯების შედეგებით საგანგაშო ვითარებაა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელის შავლეგ მიშველაძის განცხადებით, საწვავის ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. აღნიშნულ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

„საწვავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები წლების განმავლობაში კვლავ რჩება ნავთობპროდუქტების ინდუსტრიის „აქილევსის ქუსლად“. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მუდმივად საუბრობს საწვავის ხარისხთან დაკავშირებულ მასშტაბურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. კონკრეტულად ამ ინდუსტრიის შემთხვევაში, საქმე გვაქვს უპრეცენდენტო ფაქტთან: ბაზრის კეთილსინდისიერი მოთამაშეები, ანუ კეთილსინდისიერი ბიზნესი, ითხოვს რეგულაციების არათუ შერბილებას, არამედ გამკაცრებას და შემდგომში მათ აღსრულებას. აქვე ხაზგასასმელია ბოლო პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევა - ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის მონიტორინგის კუთხით. თუმცაღა შედეგი ცხადყოფს, რომ არსებული რეგულაციები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პროცედურები აბსოლუტურად მოძველებულია და ისინი ვერ უძლებენ ვერანაირ კრიტიკას. აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გაზიარების გზით, იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების საწვავის ხარისხის კონტროლის ძირეულად განსხვავებული მექანიზმების შემოღება და მათი განუხრელი აღსრულება. 2019 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აღებული საწვავის სინჯების ანალიზის შედეგები ჩვენ უკვე გავუზიარეთ საზოგადოებას. როგორც ველოდით, სამწუხაროდ, დიზელის საწვავში ყოველი მე-4 სინჯი არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პარამეტრებს და გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობა (ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მახასიათებელი) საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს თითქმის 30-ჯერ აღემატებოდა. ამ მაჩვენებელს თუ ევროპაში მოქმედ დიზელის საწვავის სტანდარტს შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აღებულ დიზელის საწვავის სინჯში გოგირდის შემცველობა 150-ჯერ აღემატება ვეროპულ ქვეყნებში დაშვებულ სტანდარტს. ხაზგასასმელია, რომ ამ ოდენობით გოგირდის შემცველობის საწვავს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ აწარმოებს და ის რომ ამ ხარისხის საწვავის რეალიზაცია საქართველოში ხდება ეს ფაქტი უდაოდ ითხოვს შესაბამის მოკვლევას და სწრაფ რეაგირებას. 2020 წლის აპრილსა და მაისში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აღებული დიზელისა და ბენზინის საავტომობილო საწვავის სინჯების შედეგებითაც საგანგაშო ვითარებაა: ორივე ტიპის საწვავში, ყოველი მესამე სინჯი შეუსაბამოა ქვეყნის კანონმდებლობის დადგენილ ხარისხობრივ სტანდარტებთან, ანუ, მომხმარებელი იღებს უხარისხო საწვავს, გამოუსწორებლად ზარალდება ქვეყნის ეკოსისტემა, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ზიანდება თითოეული ჩვენთაგანისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობა და სხვა. ამას გარდა, ბუნებრივია, რომ უხარისხო საწვავის არსებობა ძირს უთხრის კონკურენტული გარემოს არსებობას და მნიშვნელოვნად აფერხებს სამართლიანი ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს. იგი ყოველდღიურად ზიანს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს და საფრთხეს უქმნის ამ ინდუსტრიაში შექმნილ ათასობით სამუშაო ადგილს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საკუთარი მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს ბენზინისა და დიზელის საავტომობილო საწვავის ხარისხთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა-მონიტორინგს და მაქსიმალურად შეეცდება ხელი შეუწყოს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში გადაუდებლად აუცილებელი რეფორმების განხორციელებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა