არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას იმ წესებზე, რომლის დაცვაც საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას იმ წესებთან დაკავშირებით, რომლის დაცვაც საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლება ეცდება არჩევნების ჩატარების ისეთი წესი შეიმუშავოს, რომელიც მოქალაქეებს ინფექციის გავრცელებისგან დაიცავს და ამასთან, საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას უზრუნველყოფს.

„მოგეხსენებათ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ შევიმუშავთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისეთი წესი, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეებს დაიცავს ინფექციის გავრცელებისგან, მეორე მხრივ უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ცენტრალურ საარჩევნო კომისია, ჩართულნი არიან ჩვენი პარტნიორები. მივმართეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მოგვცენ ამ თემაზე კონსულტაცია და რჩევები, თუმცა საბოლოოდ, რასაკვირველია, ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება კონკრეტულად ის წესები, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება მონდომებულია, 2020 წლის არჩევნებს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჰყავდეს, ჩატარდეს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები.

„ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად ვემზადებით და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიის გაძლიერება. ჩავატაროთ, თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით და ამისათვის, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა, მეორე მხრივ - საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აქტიურობა. ხელისუფლება ვართ ძალიან მონდომებული, რომ რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ჰყავდეს ამ არჩევნებს. ბუნებრივია, არსებობს „კოვიდ-19“- თან დაკავშირებული გამოწვევები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის ეფექტიან მართვას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა