გიგა ბოკერია - თუკი ივანიშვილი ან მისი გარემოცვა რაიმე არარეალური საბაბით დააპირებს ძალაუფლების უზურპაციას, ეს მათ არათუ ვერ გადაარჩენს, არამედ ბოლომდე დაღუპავს

არჩევნების თარიღის რეალური საფუძვლის გარეშე გადაწევა, არის ძალაუფლების უზურპაცია. თუკი ივანიშვილი ან მისი გარემოცვა რაიმე არარეალური საბაბით დააპირებენ ძალაუფლების უზურპაციას, ეს მათ არათუ ვერ გადაარჩენს, არამედ ბოლომდე დაღუპავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით უპასუხა. მისი თქმით, თუკი ობიექტური ვითარება დრამატული იქნება და ხალხის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, მაშინ არჩევნების თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით კითხვები არც საზოგადოებას და არც ოპოზიციას არ ექნება, თუმცა მისივე განცხადებით, ამის წინაპირობა ახლა არ არსებობს.

„თუ ობიექტური ვითარება მართლა დრამატულია, რასაც ყველანი დავინახავთ და რაზეც ყველას იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება, მაშინ არც საზოგადოებას ექნება კითხვის ნიშნები და არც ოპოზიციას. ოღონდ ამის წინაპირობა ახლა არ არსებობს. ამიტომ არის გაუგებარი, რატომ დაიწყეს ახლა ამაზე საუბარი. არჩევნების თარიღის რეალური საფუძვლის გარეშე გადაწევა, არის ძალაუფლების უზურპაცია. თუკი ივანიშვილი ან მისი გარემოცვა რაიმე არარეალური საბაბით დააპირებენ ძალაუფლების უზურპაციას, ეს მათ არათუ ვერ გადაარჩენს, არამედ ბოლომდე დაღუპავს, მაგრამ ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი. თუ ხალხს ართმევ იმ მთავარ ძალაუფლებას, რასაც ხელისუფლების წყარო ჰქვია და ეუბნები, რომ „აღარ აგარჩევინებ ხელისუფლებას იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადითაც აირჩიე“ , ეს არის ხელისუფლების დელეგიტიმაცია. კიდევ ვიმეორებ, თუ ობიექტური საფუძველი იქნება, ანუ ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება, მაშინ გასაგებია. მინდა ყველას ვუთხრა, რომ შეერთებულ შტატებში არჩევნები სამოქალაქო ომის დროს ჩაატარეს, იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ეს ფუნდამენტური უფლება,“ - განაცხადა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს