ნინო წილოსანი და დავით სონღულაშვილი ტურისტული სექტორის გამოწვევაში - „იმოგზაურე შენს ქვეყანაში“ ჩაერთნენ

პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, რომელიც ასევე ტურიზმის თემაზე პარლამენტის თემატური მომხსენებელია და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ტურისტული სექტორის გამოწვევაში - „იმოგზაურე შენს ქვეყანაში“ ჩაერთნენ და ტურისტული სექტორის გახსნის პირველივე დღეს გურჯაანის რაიონს ესტუმრნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პარლამენტის წევრები ამ კამპანიაში გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებელმა, ტურისტული კომპანია culinary & wine expedition-ის მფლობელმა და გასტროტურიზმის ტრენერმა ქეთი კვიჭიძემ გამოიწვია.

პარლამენტის წევრებთან ერთად, „იმოგზაურე შენს ქვეყანაში“ საჩვენებელი ტურის ფარგლებში, მონაწილეობდნენ ტურისტული კომპანია culinary & wine expedition-ის მფლობელი ქეთი კვიჭიძე, ტურისტული გვერდის „გიდინფოს“ მფლობელი რუსიკო ჯაფარიძე, „ინფოგიდების“ დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგიძე, ტუროპერატორი ზაზა სიჭინავა, ტურისტულ სააგენტო „პაატა.ge“-ის დამფუძნებელი პაატა ვარდანაშვილი, დამოუკიდებელი გიდი მაია ქავთარიშვილი.

ტურისტული ტური რეგულაციების სრული დაცვითა და მოთხოვნით წარიმართა, შესაბამისად, მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეგულაციები, რომელთა დაცვაც ტურისტებს პანდემიის პირობებში მოუწევთ. კანონმდებლები ადგილზე გაეცნენ ასევე, თუ რამდენად მომზადებული ხვდება ტურისტული ობიექტები შიდა ტურიზმის გახსნას.

პარლამენტის წევრები შეხვდნენ ტურიზმში ჩართული მარნების მფლობელებს, მცირე მეწარმეებს, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს. კერძოდ, კარდენახში დაათვალიერეს „ნაღდი მარანი“, გურჯაანში გახსნეს ახალი სასტუმრო Villa Art Kotekhi , ეწვივნენ ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმს, ასევე გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ გიდებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს ტურიზმის სექტორის წინაშე მდგარ პრობლემებზე, პანდემიისგან გამოწვეული საფრთხეების აცილების მიზნით შემოღებული რეგულაციების თაობაზე, თუ რამდენად შესრულებადია ისინი, გიდების პრობლემებზე.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, გურჯაანის რაიონში და, საერთოდ, კახეთში ტურისტული ობიექტები, ყველა რეკომენდაციის დაცვით, საკმაოდ მომზადებული ხვდებიან სეზონის გახსნას და სტუმრების მისაღებად მზად არიან.

„ისინი ფაქტობრივად მზად არიან იმ რეგულაციების დასაცავად, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლეს მოვუფრთხილდეთ. ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება და დავიცვათ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, დღევანდელი ტურით შეეცადნენ დაეფარათ ყველა მიმართულება, სწორედ ამიტომაც იყვნენ საოჯახო ტიპის მარანში, ნატო ვაჩნაძის მუზეუმში, ასევე გახსნეს ახალი სასტუმრო გურჯაანში, შეხვდნენ გიდებს, რათა ყოველმხრივ მიეღოთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში ტურიზმის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

„გურჯაანის რაიონში დღევანდელი ჩვენი სტუმრობის მიზანი იყო რეალობაში გვენახა თუ როგორ მუშაობს ტურისტული სექტორი გახსნის პირველივე დღეს. ეს გამოწვევა ტურისტული სექტორის აქტიურმა წარმომადგენლებმა გაგვიკეთეს და პირველი ტურისთვის შევარჩიეთ კახეთი - ტურიზმისთვის ერთ-ერთი აქტუალური და „ცხელი“ წერტილი. მთელი ამ ტურის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო, თითოეულ ლოკაციაზე, თავად გიდებისაგან გაგვეგო და გვენახა რა გამოწვევის წინაშე დგას ტურიზმი, რამდენად რეალურია და შესრულებადი რეგულაციები, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ გიდები ან ტურისტები. ეს რეგულაციები, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს იმას, რომ უსაფრთხოება ჯანდაცვისა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული იყოს ადამიანების სიცოცხლე და, მეორე მხრივ, თავისთავად იმას, რომ სექტორი რეალურად ამუშავდეს და ეს რეგულაციები არ იყოს შემაფერხებელი მიზეზი. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, დატვირთული და საინტერესო დღე იყო. მოვდივართ ინფორმაციით და საინტერესო წინადადებებით აღჭურვილნი, რომლებსაც აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს გავუზიარებთ და იმედი გვაქვს, რომ ტურების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის აუცილებელი წინადადებები გაზიარებული იქნება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო