„ლელო საქართველოსთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს რესტორნებისთვის დაკისრებული 10 000-ლარიანი ჯარიმის გაუქმებისკენ მოუწოდეს

დღეს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა საბა ბუაძემ და ანა ნაცვლიშვილმა, 16 რესტორნის დაჯარიმებას საკითხზე ბრიფინგი გამართეს და ჯანდაცვის სამინისტროს რესტორნებისთვის არასამართლიანად დაკისრებული 10 000 ლარიანი ჯარიმის გაუქმებისკენ მოუწოდეს.

საბა ბუაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ქმედება სადამსჯელო ოპერაციაა და ხელისუფლებამ უმძიმეს ვითარებაში მყოფი სარესტორნე ბიზნესი დახურვის პირას მიიყვანა.

„ხელისუფლებამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დააჯარიმა კაფეები და რესტორნები. სექტორს, რომელიც პანდემიის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაშია, დაჯარიმების შემდეგ უდიდესი დარტყმა მიადგა. თვეების განმავლობაში რესტორნები არ ფუნქციონირებდნენ, ბევრი დაიხურა, ბევრმაც დამატებითი ვალდებულება აიღო თანამშრომლების შესანარჩუნებლად. თუმცა, ხელისუფლებამ მორიგი იერიში მიიტანა ბიზნესზე. ამ ოდენობის ჯარიმის დაწესება ნიშნავს, რომ ბევრი მათგანი ბაზრიდან უნდა გავიდეს და ნაწილმა სამუშაო ძალა უნდა შეამციროს,“- განაცხადა საბა ბუაძემ.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ობიექტები სადამსჯელო ოპერაციის მსხვერპლები არიან, რადგან რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დააჯარიმეს.

„სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი არის მისი პოლიტიკის დადასტურება. მნიშვნელოვანია რეგულაციების შესრულება, თუმცა რეგულაციით ნაკისრი ვალდებულების შესრულება რომ ეფექტური იყოს, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს გააჩნდეს ჯანსაღი მიდგომა საკითხის მიმართ. დაუშვებელია, სახელმწიფო იყოს სადამსჯელო ოპერაციის განმახორციელებელი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ აკეთებს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად დიალოგის გზით მიიღოს შედეგი. სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ვიდრე პანდემიის დროს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს