„COVID-19 - გამოწვევები არქიტექტურაში“ - ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია - „COVID-19 - გამოწვევები არქიტექტურაში“ გაიმართა. საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების იდეა და ორგანიზება ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტს ეკუთვნის, კონფერენციის მხარდამჭერები კი არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კომპანიები: „ინჟინრული აზრი“, „მნ - პროექტი“, „თიმ არქიტექტს“.

ონლაინ კონფერენციას დაესწრნენ, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი არქიტექტორები და მეცნიერები. მოწვეულ სტუმართაგან ქართულ მხარეს წარმოადგენენ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე და მდგრადი განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე. უცხოეთის მხარეს წარმოადგენენ „Paolo Cucchi Architects“-ის (PCA) დამფუძნებელი პაულო კუკი, რომელიც იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, მალაიზიისა და სინგაპურის არქიტექტურული სკოლებისა და უნივერსიტეტების საპატიო პროფესორია; ინდოეთის მოწინავე კომპანია „ჰერცოგ დე მეირონის“ ფილიალის დირექტორი აბინ ჩაუდჰური; კომპანია „Francesco adorni architect“-ის დამფუძნებელი ფრანჩესკო ადორნი; ლისაბონის უნივერსიტეტის პროფესორები ანტონიო კასტელბრანკო და ოქსანა ტურჩანინა - „RETHINK ტემპუსის“ პროექტის კოორდინატორი, უნგრეთის პანონის უნივერსიტეტის პროფესორები - ბეატა ფეჰერვოლღუი, ვიქტორია ცუპონი და ლანდშაფტის არქიტექტორი გერმანიიდან გუდრუნ ნაჰრენდორფი.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, დღეს მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას პანდემიის დაძლევა წარმოადგენს. დაავადების მიმართ შიშმა და ადამიანების ჯამრთელობაზე ზრუნვამ მსოფლიო საზოგადოებაში არაერთი სირთულე წარმოქმნა, რაც პირველ რიგში, პერსონალური კონტაქტის შეზღუდვასა და სოციალური დისტანცირების დაცვას უკავშირდება.

„მუდმივად გვიწევს ფიზიკური ურთიერთობისგან თავშეკავებით წარმოქმნილი უხერხულობის დაძლევა და მის საპირისპიროდ, ვირტუალურ ურთიერთობასთან შეგუება, სოციალური ქსელების მოხმარების გააქტიურება, სამუშაოს წარმოება დისტანციურად და მრავალსარკმლიან კომპუტერულ ეკრანთან შეგუება. სპონტანურად გაჩნდა ახალი პარადიგმები, როგორც რეაქცია: პირბადე, დისტანცია, ბარიერი. ციფრული დომინირების პირობებში, როდესაც მნიშვნელოვანი ხდება ქსელები, ჩვენ უნდა მოვიძიოთ საშუალება, რომ დავიცვათ ის ურთიერთობები, რასაც ფიზიკური კონტაქტები ქმნის. სირთულეები დასაძლევია და ჩვენ არ გვაქვს მოდუნების, შეგუების უფლება. ტექნიკურ უნივერსიტეტში მორიგი ონლაინ საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება მიუთითებს იმაზე, რომ ცხოვრება გრძელდება და სირთულეების დაძლევა შესაძლებელია. პანდემიამ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა უმაღლესი სასწავლებლები, სწავლების მეთოდი შეიცვალა და გახდა დისტანციური. ის, რაც ადრე შეუძლებელი იყო, ახლა შესაძლებელი გახდა - პირველ რიგში, შეგუება ვირტუალურ სივრცესთან და ძალისხმევა, გამომგონებლობა და სწავლების სრულიად ახალ მეთოდზე გადასვლა. მიუხედავად სირთულისა, დროთა განმავლობაში დაძლეულ იქნა პრობლემა და ჩამოყალიბდა პედაგოგსა და სტუდენტს შორის ურთიერთობის ახალი ფორმა. ჩვენ ჩავატარეთ გამოცდები, დავიწყეთ ლაბორატორიული სამუშაოები, პედაგოგისათვის ძნელია სტუდენტთან უშუალო კონტაქტის გარეშე ურთიერთობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ სირთულეებს მალე დავძლევთ და ისევ შევალთ სტუდენტებით სავსე აუდიტორიებში“, - განაცხადა მან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის შეფასებით, კონფერენციაზე, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ხმაა COVID-19-ის სივრცეში, განიხილება ის გამოწვევები, რაც პანდემიის პირობებში არქიტექტურისა და ურბანისტიკის სფეროში გამოიკვეთა.

„შექმნილი ვითარება, ვფიქრობთ, პირველ რიგში არქიტექტურას შეეხო. ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს გამოწვევა და შექმნეს პროექტები, რომელშიც გამოავლინეს თავიანთი დამოკიდებულება პანდემიის დროს შექმნილ ვითარებაზე. შედეგად, დაიბადა პროექტების მთელი სერია: „არქიტექტურა დისტანციური ურთიერთობებისთვის“ - „ქაღალდის არქიტექტურა“ ე.წ. უტოპიური ფანტაზია. დისტანცირებამ და იზოლირებამ უამრავი ახალი არქიტექტურული კონცეფცია გამოავლინა. სტუდენტებისთვის მთავარი გამოწვევა იყო #დარჩი სახლში და გააგრძელე არსებობა. შესაბამისად, საკონკურსო ნამუშევრებში ჭარბობს ახალი საარსებო გარემოს შექმნის თემა, შიში გამოწვეული ფიზიკური კონტაქტებისა და ადგილის გაქრობით და ახალი ადგილის - „ვირტუალურის“ გააზრებით. ყოველივე ეს სრულიად ახალ არქიტექტურულ ფორმას მოითხოვს - უფრო მოქნილს, მობილურს, ადაპტირებულს, მრავალფუნქციურს, საზღვრებს გარეშეს და გამჭვირვალეს. პირველადი ყურადღება გამახვილებულია ადამიანებზე, მათ გრძნობებზე და ფიზიკური ადგილის, შემოსაზღვრული სივრცის გარდაქმნაზე“, - აღნიშნა ნინო იმნაძემ.

კონფერენციაზე განხილულ იქნა ქართველი და უცხოელი არქიტექტორების მიერ წარმოდგენილი თემები: „წყალი - სიცოცხლეა, სანიტარია - ღირსება“; „თავისუფალი სივრცე კავშირისათვის - არქიტექტურული ანალიზი პანდემიის პერიოდში“; „ახალი სული არქიტექტურაში - COVID-19 რეალობაში“; „CIAUD - ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურული სკოლა პანდემიის სივრცეში“; „რადიაციული ტექნოლოგიები მწვანე არქიტექტურაში“; „ენერგოეფექტური შენობების დაპროექტების საკანონმდებლო-ნორმატიული საფუძვლები“; „მიმდინარე პანდემიის პირობებში ადგილისა და სივრცის უსაფრთხო განვითარების საკითხებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა ტურიზმის ინდუსტრიაში “ECOMODE” პროექტის ანალიზის საფუძველზე“; „ქრისტოს საოცრებები - დროებითობიდან უკვდავებამდე“; „ისტორიული უბნების ერთი პრობლემის შესახებ“; „COVID–19 და მუნიციპალური აქტივების გაზრდის შესაძლებლობები“ და სხვ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო