ლელა აქიაშვილი - მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის შედეგად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მხარს უჭერს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ოჯახში თანასწორობის მიღწევას

წლების განმავლობაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ჩატარებულ კამპანიებს და არა ერთ ნაბიჯს, რაც მთავრობის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის შედეგად გადაიდგა, პროგრესი მოჰყვა . შესაბამისად, დღეს, 2013 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალის როლი არის უფრო მეტი, ვიდრე საშინაო საქმეების კეთება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ჩატარებული კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელიც გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას შეეხებოდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, კვლევის - “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ შედეგად ვლინდება, რომ გენდერულ როლებთან დაკავშირებული სტერეოტიპების გავრცელებამ, 2013 წლის შემდეგ, საგრძნობლად იკლო.

ლელა აქიაშვილის განცხადებით, წლიდან წლამდე, ამ მიმართულებით, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერება მნიშვნელოვნად იზრდება.

„2013 წელს თუ მოსახლეობის 11% მიიჩნევდა, რომ ქალი უნდა იყოს სახლში და ეს არის მისი მთავარი ფუნქცია, დღეს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქალი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოების სხვა ასპექტებსა და სოციალურ ცხოვრებაში. იგივე მიმართულებაა დედების და მამების მიერ დეკრეტული შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით. გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალები კარგი ბიზნეს-ლიდერები არიან. ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ წლიდან წლამდე იზრდება სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერება. ეს კი საბოლოო ჯამში იმ პრაქტიკულ თანასწორობამდე მიგვიყვანს, რაც ძალიან მნიშნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ, ყველა ერთად გავუმკლავდეთ ისეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა, მაგალითად, პანდემია,“- განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალების, როგორც გადაწყვეტილებების მიმღების როლზე.

„დღეს, 11 მინისტრიდან 5 ქალია, შესაბამისად ქალების როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, თუ როგორ ხდება Covid-19-ის პირობებში კრიზისის მართვა. გუნდში არის გენდერული თანასწორობის ძალიან მაღალი ხარისხი, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბალანსი დაცულია. საქმის კეთების რეჟიმში ეს თანასწორობა და თანხვედრა არის ძალიან ბუნებრივი და ვიმედოვნებ, ყველა სფეროში გვექნება ასეთი თანასწორობა, მომავალში, ვინაიდან, სწორედ, მსგავს თანასწორობას მოაქვს შედეგები,“ - აღნიშნა ლელა აქიაშვილმა პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას.

პანელურ დისკუსიაში, აგრეთვე მონაწილეობდნენ: გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, - შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი და სოციოლოგი იაგო კაჭკაშიშვილი.

როგორც ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, 2013 წელსა და 2019 წელს ჩატარებულ ანალიტიკურ კვლევებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებას, ამ მიმართულებით.

„საზოგადოების დამოკიდებულება იცვლება. სასიხარულოა, რომ საქართველომ ასეთ შესამჩნევ წარმატებას შედარებით მოკლე დროში მიაღწია“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

UNFPA-ის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის განცხადებით, კვლევის მონაცემები მნიშვნელოვან პროგრესზე მეტყველებს, ხოლო შვედეთის ელჩის, ულრიკ თიდესტრომის თქმით, ის ხაზს უსვამს საქართველოს წარმატებას გასული წლების მანძილზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვლევა 2019 წელს მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციამ - Promundo და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარეს. გამოიკითხა 2,500 რესპონდენტი და ჩატარდა ფოკუს ჯგუფები საქართველოს ხუთ რეგიონში.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ