ჰეიკო მაასი - გერმანიას არ აქვს დეტალური ინფორმაცია ქვეყნიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის შესახებ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ მის ქვეყანას აშშ-სგან არ მიუღია რაიმე სახის დეტალური ინფორმაცია ამერიკული ჯარების ნაწილის გაყვანის თაობაზე. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვარშავაში მის კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახის ზუსტი ან უფრო დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად როდის, სად და როგორ მოხდება ეს. შეუძლებელი იყო რაიმე ინფორმაციის მოპოვება როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისე პენტაგონისგან. ასე რომ, მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ, რის გაკეთებას აპირებს ამერიკული მხარე“, - განაცხადა ჰეიკო მაასმა.

აქვე მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ჯარების ყოფნა გერმანიაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გერმანიის უსაფრთხოებისთვის, არამედ აშშ-ისა და განსაკუთრებით ზოგადად ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ აშშ-ს გერმანიიდან 9 500-მდე ჯარისკაცი გაჰყავს. დონალდ ტრამპის განცხადებით, გერმანია არ ასრულებს ნატო-ს მოთხოვნას თავდაცვის სფეროს დაფინანსების შესახებ.

ჩვენ გერმანიას ვიცავთ, ისინი კი ვალდებულებას არ ასრულებენ. ვაპირებთ, ჯარის რაოდენობა 25 000-მდე შევამციროთ “, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კიდევ ერთი ბრალდება, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის მიმართ გააჟღერა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საკითხს უკავშირდება და აღნიშნა, რომ „ისინი ვაჭრობის საკითხში ძალიან ცუდად გვექცევიან“.

მიმდინარე თვის დასაწყისში The Wall Street Journal-მა და Der Spiegel-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიიდან ჯარის ნაწილის გამოყვანას აპირებდა. The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ გერმანიიდან 9500-მდე სამხედროს გამოყვანას გეგმავდა, Der Spiegel-ის ინფორმაციით კი, წლის ბოლომდე გერმანიას 5000-დან 15 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს. ცნობისათვის, ამჟამად გერმანიაში აშშ-ის 34 000-მდე სამხედროა დისლოცირებული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს