გიორგი ვაშაძე - მივმართავ პრემიერსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნუ იმალებით - მივმართავ საბანკო სექტორს, ყველაფერს გავაკეთებთ,  რომ სესხებზე პროცენტების დაწევა მოგიწიოთ

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში საბანკო სექტორის სახით ჩამოყალიბებულია მონოპოლიური კარტელი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს. როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირში ბანკების საუკეთესო მოგების მაჩვენებლად 10% ითვლება, საქართველოს შემთხვევაში კი, საბანკო სექტორი 25%-იანი მარჟის მოგებით მუშაობს.

„ევროკავშირში საშუალოდ 10%-იანი მოგება ითვლება საუკეთესო მაჩვენებლად ბანკებისთვის და ალბათ გაინტერესებთ, რამდენია საქართველოში ეს ყველაფერი. 26% დააფიქსირა 2019 წელს ,,საქართველოს ბანკმა". საშუალოდ საქართველოში 25%- იანი მარჟის მოგებით მუშაობს საბანკო სექტორი. ეს ციფრები მიუთითებს, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია მონოპოლიური კარტელი, რომელიც ძარცვავს თითოეულ მოქალაქეს. მივმართავ ეროვნულ ბანკს და ვეუბნები კობა გვენეტაძეს, ყველა ვღარიბდებით, ყველა უმძიმეს ვითარებაში ვართ, ეს ციფრები მიუთითებს, რომ საბანკო სისტემაში არის რესურსი ჩამოიწეროს პროცენტი 3 ან 6 თვით გადავადებულ სესხებზე და შემდგომში განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქართულმა ეკონომიკამ ამოისუნთქოს. როდემდე უნდა იყოთ მონოპოლიების მფარველი, დაუყონებლივ გამოიყენეთ ანტიმონოპოლიური მექანიზმები და ჩამოიწეროს სესხის პროცენტები მოქალაქეებზე“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის ინფორმაციით, დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რათა ჩამოიწეროს პროცენტი 3 ან 6 თვით გადავადებულ სესხებზე და შემდგომში, საპროცენტო განაკვეთი განახევრდეს.

„მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ამ საკითხის მიმართებით, ნუ იმალებით, ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და ეს მოქმედება დაუყონებლივ უნდა განხორციელდეს. ასევე მივმართავ საბანკო სექტორს, არ გეგონოთ, რომ ამ ზემოგებაზე მუშაობა შეგრჩებათ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენ მოგიწიოთ სესხებზე პროცენტების დაწევა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს