რომან გოცირიძე - კადიროვის განცხადება ტერორისტის განცხადებაა - საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა ეცნობოს და სერიოზული რეაქცია უნდა მიეცეს

როცა პუტინის მთავარი მეკავშირე კავკასიაში ასეთ განცხადებას აკეთებს, ღირსების მქონე სახელმწიფო, ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, საკადრის პასუხს გასცემდა რუსეთის ფედერაციას და პირადად პუტინს,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებთ კადიროვის განცხადებას გამოეხმაურა.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიმართოს.

"კადიროვის განცხადება არის თავხედური განცხადება. ეს არის ტერორისტის განცხადება, რომელიც ტერორისტის ენით ბაქიბუქობს და ამბობს, რომ მას რომ დაეგეგმა ეს, კიდეც შეასრულებდა და კიდეც შეუსრულებია. როცა ასეთ განცხადებას აკეთებს პუტინის მთავარი მეკავშირე კავკასიაში და მისი ქვეშევრდომი, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და ღირსების მქონე სახელმწიფო, ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, გასცემდა საკადრის პასუხს რუსეთის ფედერაციას და პირადად პუტინს, დაიცავდა საკუთარ მოქალაქეს და საკუთარი ქვეყნის ღირსებას. საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ჩაყენებული საქმის კურსში და მას უნდა მიეცეს სერიოზული რეაქცია, ვინაიდან რუსეთი გეგმავდა საქართველოში ტერორისტულ აქტს, ეს არის ფაქტი, რომელსაც ადასტურებს ასევე, საქართველოს სპეცსამსახურები და შესაბამისი პოლიტიკური განცხადება უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ შესაბამის ტონალობაში. ხმამაღლა უნდა მიმართონ საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორ ქვეყნებს, რომ დაუდგნენ გვერდში საქართველოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს დამნაშავედ გამოიყვანოს ოპოზიცია.

"მათი ყურმოჭრილი ექსპერტები უკვე მინიშნებებს აკეთებენ, მაგრამ "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებებიდან ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რომ თქვან, რომ ამას გეგმავდა "ნაციონალური მოძრაობა". უკრაინას ახსენებენ ეშმაკურად - უკრაინა, უკრაინა - ახლა იტყვიან, რომ ამას გეგმავდა მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციასთან ერთად,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. "გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ ტელეგრამში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა