თენგიზ ცერცვაძე - კოვიდიან პაციენტებში "დექსამეტაზონის" გამოყენება იაფი, ალტერნატიული გამოსავალია, თუმცა არსებობს უკეთესი, მაგრამ ძვირი პრეპარატები

კოვიდ 19-ის მქონე პაციენტებში პრეპარატ "დექსამეტაზონის" გამოყენება არის იაფი, ალტერნატიული გამოსავალი, თუმცა არსებობს უკეთესი, მაგრამ ძვირი პრეპარატები, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, რითიც გამოეხმაურა ჯანმოს განცხადებას, რომ კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებში პრეპარატ „დექსამეტაზონის“ გამოყენების პირველადი კლინიკური ცდების შედეგები „დიდებულია“.

ცერცვაძის თქმით, პრეპარატი "დექსამეტაზონი" მედიკოსებმა მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენონ, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული ციტოკინური შტორმია და მაშინ, როცა სხვა უფრო ეფექტური მეთოდების გამოყენება გარკვეული მიზეზების გამო შესაძლებელი არაა.

"რა თქმა უნდა, ჩვენც ვიყენებთ პრეპარატ "დექსამეტაზონს" კოვიდიან პაციენტებში. ჩვეულებრივად ვიყენებთ, ოღონდ არის ერთი რამ. ამ სტეროიდების გამოყენებას, კოვიდ 19-ით ინფიცირებულებში აქვს ის დანიშნულება, რომ მან შეაკავოს ე.წ. ციტოკინური შტორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ამ კოვიდ 19-ით ავადმყოფებში, ვირუსის ზეგავლენით გამოთავისუფლდება მთელი რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ე.წ. ციტოკინები და ციტოკინების გამოთავისუფლება დიდი რაოდენობით, თავიდან დაცვის როლს თამაშობს, თუმცა, შემდეგ, როცა ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა, შეიძლება იმუშაოს ორგანიზმის წინააღმდეგ. "დექსამეტაზონი" ამ ციტოკინურ შტორმს ანუ ანთების მედიატორების ანუ ძლიერი ანთებითი რეაქციის გამომწვევი ციტოკინების გამოყოფას ამცირებს. მაგრამ ამისთვის არსებობს გაცილებით ეფექტური მეთოდები სხვა - ტოცილიზუმაბი, არის ასევე, სპეციალური ფილტრები... ეს მეთოდები უპირატესია, უფრო ეფექტურია, ჩვენ მათ ვიყენებთ. მაგალითად, რამდენიმე ავადმყოფი რომლის შემთხვევაც შესაძლოა ლეტალურად დასრულებულიყო, გადავარჩინეთ, ამ მეთოდებით. "დექსამეტაზონი" გამოიყენება მაშინ, როცა იმ მეთოდებს ვერ ვიყენებთ რაღაცის გამო: 1. აქვს უკუჩვენებები და 2. ძვირია. ამ დროს ვიყენებთ "დექსამეტაზონს". ეს არის იაფი ალტერნატიული გამოსავალი, რომელიც ისე ეფექტური არ არის, როგორც ისინი, მაგრამ ნაწილობრივ ეფექტურია, ამცირებს ანთების გამომწვევი ციტოკინების რაოდენობას, იოლი გამოსაყენებელია. ისინი რთული გამოსაყენებელია და ძვირია. თუმცა, ამასაც აქვს უარყოფითი შედეგები და დიაბეტით ავადმყოფებში ვერ გამოიყენებ. დიაბეტს აუარებს. თუ პაციენტს დიაბეტი არ აქვს ან მსუბუქი ფორმა აქვს, მაშინ შეიძლება "დექსამეტაზონის" გამოყენება,"- განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისათვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებიც COVID-19-ის თერაპიის რანდომიზებულ კვლევას -RECOVERY - ატარებენ, განაცხადეს, რომ პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადით მკურნალობას ან სასუნთქ აპარატზე მიერთებას საჭიროებენ, სიკვდილიანობას დაახლოებით ერთი მესამედით ამცირებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს